გიორგი მარგველაშვილი გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ფასდაუდებელია პედაგოგიური ღვაწლი, რომელიც მან ქართული თეატრისა და კინოს ახალი თაობების აღზრდისთვის გასწია.
„ბატონი გიზოს მიერ გამორჩეული ხელწერით შექმნილი სპექტაკლები არაერთი თაობის მაყურებელმა შეიყვარა და გაითავისა. ფასდაუდებელია პედაგოგიური ღვაწლი, რომელიც მან ქართული თეატრისა და კინოს ახალი თაობების აღზრდისთვის გასწია. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული თეატრის ისტორიაში.
ამ მძიმე წუთებში ბატონი გიზოს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვწუხვარ ამ დიდ დანაკლისს და თანადგომას ვუცხადებ მათ”, -აღნიშნავს პრეზიდენტი.
ღვაწლმოსილი ქართველი რეჟისორი გიზო ჟორდანია არაერთი ჯილდოს მფლობელი და პრემიის ლაურეატი იყო. 2014 წელს, 80 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოთი “ხელოვნების ქურუმით” დაჯილდოვდა.
გიზო ჟორდანიას დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.
“ჰაჯი-მურატი”, “ხოგაის მინდია”, “სამანიშვილის დედინაცვალი” , “ანა ფრანკის დღიური”, “ჰამლეტი” , “აბესალომ და ეთერი”, “სამგროშიანი ოპერა”- რეჟისორის შემოქმედების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები