დიმიტრი ქუმსიშვილმა ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნაში მონაწილეობა მიიღო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შპს „ასლანგელ ალიანსის“ ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

საწარმო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

წარმოების მშენებლობა მიმდინარე 3 ივნისს დაიწყო და ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საწარმო აღჭურვილია გერმანული წარმოების, ამ დარგის ყველაზე თანამედროვე დანადგარებით. ამ ეტაპზე განხორციელდა 30 მლნ. ლარის ინვესტიცია. მშენებლობის პროცესში დასაქმდა 200-მდე ადამიანი.

წარმოების პროცესში, პირველ ეტაპზე, დასაქმებულია 130 ადამიანი. სამომავლოდ იგეგმება ინვესტიციის განხორციელება დამატებით 50 მლნ. აშშ დოლარამდე, ხოლო დასაქმებული მუშახელის რაოდენობა 300-მდე გაიზრდება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საწარმოს ინვესტორს, გოჩა ჩხაიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „ასკანგელ ალიანსი“ ბენტონიტური თიხების წარმოება-გადამუშავებაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის 95% საექსპორტოა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ბენტონიტური თიხების საბადოებს გურიაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, რის გამოც არ იყო გამოყენებული აღნიშნული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი.

„ეს არის ყველაზე ხარისხიანი თიხები და გამოიყენება 1000-ზე მეტ პროდუქციაში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. კერძოდ, ბენტონიტური თიხებიდან წარმოებული პროდუქცია გამოიყენება ლითონჩამომსხმელი წარმოებაში საყალიბედ, ნავთობმოპოვებაში, ღვინის წარმოებაში ფილტრაციისთვის, საღებავების წარმოებაში, ჰიდროენერგეტიკაში, კერამიკულ წარმოებაში, სამშენებლო ინდუსტრიაში, ქაღალდის მრეწველობაში, ფარმაციაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში და სხვა.

გურიის მხარეში ვიზიტისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ჩოხატაურში ხელოვნების სასახლის გახსნაში. მისი მშენებლობა 2015 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები