„ჯორჯიან მანგანეზი” წარმოების უმაღლეს სტანდარტებს უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ნერგავს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ „ჯორჯიან თაიმსის“ ყოველწლიურ ბიზნესდაჯილდოებაზე წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. კომპანიამ აღნიშნული ჯილდო შემდეგი მიღწევებისთვის მიიღო – საინვესტიციო მიმზიდველობა, სამუშაო უსაფრთხოების და ეკოლოგიური ნორმების უმაღლესი სტანდარტი, კორპორატიული პასუხისმგებლობა.
„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ კომპანიამ მართლაც ბევრი იმუშავა როგორც სამუშაო უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, ასევე ეკოლოგიური ნორმების სტანდარტის ასამაღლებლად. კომპანიაში იმასაც დასძენენ, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ეს ნომინაცია კომპანიისთვის ერთგვარად სტიმულის მომცემი იქნება და ერთგვარი აღიარება იმ სიახლეებისა, რაც ათეულობით წლები უძრაობის შემდეგ დაინერგა ამ დარგში.
„სამუშაო უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით გარკვეული მიღწევები ნამდვილად გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სტანდარტი, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია, მაგრამ თუ წინა მონაცემებს ახლანდელ მდგომარეობას შევადარებთ, ვნახავთ, რომ ამ კუთხით რადიკალური გამუმჯობესება სახეზეა. პროფესიული ტრავმები და ექსცესები მთლიანად აღმოფხვრილი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. პროფესიული ტრავმებისგან დაცულობის უზრუნველსაყოფად ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის ინვენტარი და სპეციალური აღჭურვილობა. დასაქმებულებს პერმანენტულად უტარდებათ სპეციალური ტრენინგები უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით – ახალი თანამშრომლები დასაქმებამდე 2-კვირიანი ტრენინგს გადიან, ხოლო წელიწადში 2-ჯერ ყველა თანამშრომელს სავალდებულო ტრენინგები უტარდება. მინდა გაითვალისწინოთ რომ ეს შედეგები მიღწეულია კომპანიაში სადაც დასაქმებულია 5500 ადამიანზე მეტი“, – აცხადებენ კომპანიაში.
ეკოლოგიური ნორმების სტანდარტებთან დაკავშირებით კომპანიაში ამბობენ, რომ „არსებობს სტერეპოტიპული მიდგომა, თითქოს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და „ჭიათურმანგანუმი“ კვლავ ისევე აბინძურებენ ჰაერს და ახდენენ გარემოზე მავნე ზემოქმედებას, როგორც ეს ათწლეულების მანძილზე ხდებოდა. დროა, ნელ-ნელა შეიცვალოს ეს სტერეოტიპი, რადგან ამ მიმართულებით „ჯორჯიან მანგანეზი“ ნამდვილად დგამს ქმედით ნაბიჯებს. მათგან ერთ-ერთია ის ტექნოლოგიური ცვლილებები, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენ 2012 წელს ჩაგვბარდა 80 წლის ქარხანა, სადაც ბოლო 40 წლის მანძილზე არანაირი მნიშვნელოვანი ტექნიკური განახლება არ ჩატარებულა. „ჯორჯიან მანგანეზის“ მოსვლის შემდეგ კი მხოლოდ ქარხნის ტექნიკურ გადაიარაღებაზე არაერთი მილიონი დოლარი დაიხარჯა – კაპიტალურად შეკეთდა ქარხანაში არსებული 11-ვე ღუმელი, თითოეული მათგანის შეკეთება კომპანიას 300 ათას დოლარამდე დაუჯდა. შემდგომი ეტაპი იყო უკვე გაზგამწმენდი სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობდა ახალი ტიპის ფილტრების დამონტაჟებას. საბოლოო ჯამში, 22 ათასი ფილტრი შეიცვალა. ამ სისტემის მართვა უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის მონიტორინგის სისტემით, გერმანული კომპანია „სიმენსის“ მიერ წარმოებული მართვის პანელებითა და მაღალი სიმძლავრის პნევმოტრანსპორტით, რაც უზრუნველყოფს ღუმელებიდან გამოსული მტვრის დაჭერას, გაფილტვრას და შემდგომში მაღალი ტევადობის სილოსებში ჩაპრესვას. ეს პროცესი ხდება მთლიანად დახურულ სისტემაში, რაც მინიმუმამდე ამცირებს გარემოში მტვრის გამოღწევის ალბათობას.
გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ მე-4 საამქროში ინდურ მაღალტექნოლოგიურ კომპანია „გალსასი“-სთან ერთად ავამუშავეთ ახალი ტიპის დახურული სისტემის ღუმელი, რომელსაც გააჩნია ავტონომიური წყლის გაგრილების სისტემა. იგი აიოლებს მუშახელის ფიზიკურ შრომას და მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. ეს პროექტი კომპანიას 7,2 მილიონი დოლარი დაუჯდა.
250 ათასი დოლარი დაჯდა მონიტორინგის კონტროლის სისტემა, რომელიც ახდენს გარემოს დაბინძურების აღრიცხვიანობას და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება, მონაცემებს ონლაინრეჟიმში გაეცნოს. ამ სისტემის მუშაობას გარემოს დაცვის სამინისტროც აკონტროლებს. მინდა, გითხრათ, რომ ამ სისტემის მონაცემების ხილვა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და პირველ რიგში გარემოს დაცვის სამინისტროსთვის. ყველა დადგენილი პარამეტრით დღევანდელი მონაცემები დაშვებულ ზღვრულ ნორმებზე ქვემოთაა. ამიტომ, მინდა, ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშაობას, რომ გამოვიდნენ იმ სტერეოტიპული აზროვნებიდან, რაზეც ზემოთ მოგახსენებდით და დაინახონ ცვლილებები უკეთესობისკენ,“ – აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურის უფროსი ზაქარია ზალიკაშვილი.
იგი ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატსა და მაღაროებში განხორციელებულ ცვლილებებზეც საუბრობს და დასძენს, რომ კომპანია „ჯორჯიანმანგანეზს“ ჭიათურასთან დაკავშირებითაც დიდი გეგმები აქვს.
„მოგეხსენებათ, რომ ჭიათურაში ღია კარიერული მოპოვება ხდებოდა და აღარ ხორციელდებოდა მისი რეკულტივაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიპოვეს მადანი და დატოვეს კარიერი. ჩვენი კომპანიის ამ საწარმოში მენეჯმენტში მოსვლის შემდეგ, რეკულტივაციასთან დაკავშირებით პირველი ექსპერიმენტი 2007 წელს ჩატარდა, ხოლო 2013 წლის ბოლოდან ამ პროცესმა სისტემური ხასიათი მიიღო. ამ ეტაპზე ჩვენს კომპანიას ჭიათურაში ბიოლოგიურად რეკულტივირებული აქვს 16 ჰექტარი ფართობი, სადაც დარგულია 22 ათასი ხე, ხოლო ტექნოლოგიურად რეკულტივირებული – 10 ჰექტარი, რომლის ბიოლოგიური რეკულტივაციაც ნოემბერში დაწყებული ყინვების გამო ვერ მოვასწარით. გარდა ამისა, ჭიათურასთან დაკავშირებით გვაქვს სიახლეებიც – უკვე სახელმწიფო ინსტუტიტებთან შეთანხმებულია დახურული ციკლის ქარხნის მშენებლობის პროექტი.
ჩვენ კომპანის 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 56 მილიონ დოლარის ინვესტიცია აქვს გაკეთებული საწარმოს ტექნიკური, ტექნოლოგიური განახლების ასევე შრომითი უსაფრთხოების და წარმოების სტანდარტების ამაღლებისთვის.
კარგია, რომ დაინახეს და დააფასეს ზესტაფონსა და ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჩატარებული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის იდეალური სიტუაცია, რისკენაც ჩვენი კომპანია მიისწრაფის, მაგრამ ამ ჯილდოს სახით ჩვენ მოგვეცა გარკვეული სტიმული შემდგომი განვითარებისთვის,“ – აღნიშნავს „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურის უფროსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები