იუსტიციის მინისტრი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაში შეტანილი წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი − ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.
თეა წულუკიანს საპატიო ჯილდო ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისთვის, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცა.
აღნიშნული ჯილდო იუსტიციის მინისტრმა ქართული დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნაზე უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძისგან მიიღო.
თეა წულუკიანი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ქართული დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა. ღონისძიება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ გახსნა.
თეა წულუკიანმა პირველი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომლის თემა ლევილის მამულის აწმყო და მომავალი იყო.
იუსტიციის მინისტრის გარდა, სამუშაო ჯგუფში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ლევილის მერი ერიკ ბრევი, ასევე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთა შთამომავლები ირენ ციციშვილი და ტიერი ბერიშვილი, საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი მონაწილეობდნენ.
კონფერენციის ფარგლებში თემატური სამუშაო სესიები კიდევ ორ თემაზე მიმდინარეობდა – „განათლებისა და მეცნიერების საკითხები და ახალგაზრდობა“ და „დიასპორული ინვესტიციები“.
ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები, მათ შორის, საფრანგეთის ქართული დიასპორის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები