“შემოდგომის თბილისი” პოლონურ ორკესტრს უმასპინძლებს

“ჩვენ მოგვეცა საშუალება, შეგვერჩია უცხოური ორკესტრი და ჩვენი არჩევანი საქართველოზე შეჩერდა”, – ამის შესახებ პოლონური ორკესტრის დირიჟორმა, ბოჟენა შოლოვიჩმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ელბლაგის“ კამერული ორკესტრი ფესტივალში “შემოდგომის თბილისი” წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად, ერთობლივ კონცერტს გამართავს,სადაც პოლონური მუსიკა შესრულდება.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში ყოფნა და ქართულ ორკესტრებთან ერთად კონცერტის გამართვა, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ კონცერტით არ დასრულდება, ჩვენ ერთობლივ პროექტებს მომავალშიც განვახორციელებთ.ჩვენ მოგვეცა საშუალება, შეგვერჩია უცხოური ორკესტრი და ჩვენი არჩევანი საქართველოზე შეჩერდა“, – განაცხადა პოლონეთის ორკესტრის ხელმძღვანელმა ბოჟენა შილოვიჩმა.
პრესკონფერენციაზე “საქართველოს სინფონიეტას” ხელმძღვანელმა, კონსტანტინე კახიძემ ორი ქვეყნის კულტურის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონსტანტინე კახიძემ აღნიშნა, რომ პოლონეთისა და საქართველოს კამერული ორკესტრები ერთმანეთს შემოქმედებით გამოცდილებასაც გაუზიარებენ.
„ორი ქვეყნის მუსიკის ტანდემი“ უწოდა „საქართველოს სინფონიეტას“ პიარმენეჯერმა, თეა მუქერიამ ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში დაგეგმილ კონცერტს. თეა მუქერიამ ყურადღება პროფესიულ გამოცდილებაზე და სიმფონიაში არსებულ ახალ ტენდენციებზე გაამახვილა.
„ეს იქნება ორი ქვეყნის, პოლონეთისა და საქართველოს ორკესტრების ტანდემი, რომლის შედეგადაც, გარდა პოლონური მუსიკის პოპულარიზაციისა, მუსიკოსების ერთობლივი მუზიცირებით, პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაზიარება მოხდება, რაც ორივე ორკესტრისთვის ერთობ სასარგებლო უნდა იყოს.
პროექტის ფარგლებში, ასევე შედგება პოლონელი და ქართველი მუსიკოსებისა და არტ-მენეჯერების სადისკუსიო შეხვედრა, სადაც სპეციალისტები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას კულტურის მენეჯმენტში და მის სწორად მართვაში. განიხილავენ აგრეთვე ამ სფეროში არსებულ დღევანდელ სიახლეებს, ტენდენციებსა თუ პრობლემებს, რაც ასე აქტუალურია“, – განაცხადა „საქართველოს სიმფონიეტას“ პიარმენეჯერმა, თეა მუქერიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები