უწყებათაშორისმა კომისიამ მე-14 სხდომა გამართა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მე-14 სხდომა გამართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისია პარტიების, არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებისა და წინადადებების მიღებას დღის ბოლომდე გააგრძელებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსში თვითმმართველობის არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონზე ჩასატარებლად.
საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების მომზადება კომისიის მუშაობაში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს იუსტიციის მინისტრმა 28 ოქტომბრის სხდომაზე შესთავაზა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სპეცუბნების გაუქმების იდეა შუალედური არჩევნების შემდეგ სწორედ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გაჩნდა.
თეა წულუკიანმა უწყებათაშორის კომისიაში პარტიებსა და არასამთავრობო სექტორთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ იდეების შეთავაზების სურვილი გამოთქვა.
დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გასასწორებლად კონკრეტული წინადადებების წარდგენის თხოვნით მიმართა.
უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა.
კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, სექტემბრიდან კი სხდომები კვირაში ერთხელ ტარდება.
უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები.
აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები