“კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ტურიზმისთვის მიმზიდველი ადგილი დაემატა საქართველოს”

ბაკურციხეში სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და კომპლექსს 12-ნომრიანი სასტუმრო შეემატა
სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სამუზეუმო კომპლექსს ახალი, 12-ნომრიანი სასტუმრო შეემატა.
განახლებული სამუზეუმო კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა რესტავრირებული სახლ-მუზეუმი და ახალგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო სახლ-მუზეუმი თავისი მნიშვნელობით, ისტორიითა და არქიტექტურით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წერტილი იქნება ტურისტულ, განსაკუთრებით კი ღვინის ტურისტულ რუკაზე. მან მადლობა გადაუხადა კომპანია “ბლექ სი გრუპს“ გაწეული სამუშაოებისთვის.
მისი თქმით, კომპანია მაქსიმალურად შეეცადა, ყველა დეტალისთვის შეენარჩუნებინა პირვანდელი სახე.
“კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ტურიზმისთვის მიმზიდველი ადგილი დაემატა საქართველოს. აქ დაიწყო ქართული კონიაკის წარმოება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და მისასალმებელია, რომ იგი კომპანია “ბლექ სი გრუპმა” მთლიანად აღადგინა პირვანდელი სახით, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. აქ ასევე იგეგმება მცირე სასტუმროების დამატება და 5 ჰექტარ ფართობზე ვენახების გაშენება,” – განაცხადა პრემიერმა.
სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსს – სასტუმრო-მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ-მაცივარს ჩაუტარდა სათანადო აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოები შეასრულა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ“-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. სახლ-მუზეუმის კომპლექსში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდა 150-მდე ადამიანი, უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები