დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც „კვირას“ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
წმინდა ასი ათასი მოწამე ხვარაზმელების მიერ 1227 წელს აღესრულნენ. ამ პერიოდში საქართველოს ხვარაზმის სულთანი ჯალ ალ-ედინი შემოესია. თამარ მეფის ასულის რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა. ჯალ ალ-ედინმა რუსუდანს ცოლობა შეუთვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სამეფოს მოაოხრებდა.
ბრძოლის პირველ დღეს ქართველებმა გაიმარჯვეს, თუმცა მეორე დღეს ჯალ ალ- ედინის ჯარმა ქალაქი ააოხრა. ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.
ჯალ ალ-ედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვია და ზედ თავისი ტახტი დადგა. მეტეხის ხიდზე თბილისელებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა და სჯულის შეცვლა უბრძანეს. უარის მიღებისას ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში გადაყარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები