“თიბისი ბანკის” მხარდაჭერით მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი გაიმართა

“თიბისი გალერეამ” მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – “ლეონარდო და ვინჩი” მონაწილეთა პროექტების გამოფენას და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.
გამოფენაზე საკონკურსო კომისიის წინაშე კონკურსში შერჩეული კონკურსანტები, წარდგნენ და თავიანთი გამოგონებები მოკლედ წარადგინეს. კომისიამ გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები გამოავლინა. კერძოდ, გამოვლინდა ერთი გრან-პრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი პროექტები. გრან-პრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრება. პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორი 5000-ით, მეორე ადგილზე გასული – 3000-ით, მესამე ადგილზე გასული კი – 2000 ლარით დაჯილდოვდა.
2016 წელს კონკურსში წარდგენილი 42 საკონკურსო განაცხადიდან მეორე ეტაპზე 60 მოსწავლის მონაწილეობით, 26 საკონკურსო განაცხადი გადავიდა, რომლებიდანაც ოთხმა პროექტმა გაიმარჯვა. ესენია:
გრან-პრი – მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია – გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე (სერვანტესის სახელობის გიმნაზია-:”GESS”, XII კლასი);
I ადგილი – ახალი თაობის “ცოცხალი” საკვების შემუშავება საქართველოს სანედლეულო რესურსების რაციონალური გამოყენებით – გიორგი ფხაკაძე (ქართულ -ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)-XII კლასი) და მარია ერაძე (ნიკო ნიკოლაძეს სკოლა ლიცეუმი, XI კლასი);
II ადგილი – გვირილა-მზის პანელის პარაბოლოიდური რეფლექტორის განშლადი კონსტრუქცია -ბექა მიქაძე (სერვანტესის სახელობის გიმნაზია-“GESS”, XII კლასი) და გიორგი მარგიანი (ახალი ლიცეუმი, XII კლასი);
III ადგილი – მიკროკონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა – ალექსანდრე ხოხიაშვილი(კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა, XI კლასი), დიმიტრი კორკოტაშვილი (კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა, X კლასი) და თამარ კორკოტაშვილი (კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა, IXკლასი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცეს და ჯილდოები გადასცეს.
გამარჯვებული პროექტის ავტორები, Intel-ის ფონდის დაფინანსებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ პიტსბურგში გამგზავრებიან, მსოფლიოში უდიდესი კონკურსის “Intel”-ის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში – “Intel ISEF”-ში მონაწილეობის მისაღებად.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ლეონარდო და ვინჩის კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, ნიკა ალავიძემ ქ.პიტსბურგში “Intel ISEF”-ის კონკურსში, 1700 კონკურსანტს შორის, მეოთხე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
მოსწავლე გამომგონებლებისთვის, ასევე სპეციალური პრიზები დააწესეს: “თიბისი ბანკმა “, “ინტელის” წარმომადგენლობამ საქართველოში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – “საქპატენტი”, ენერგო ეფექტურობის ცენტრმა-“საქართველომ” და შპს “მთაწმინდის პარკმა”.
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა მე-6 ტრადიციული კონკურსი “ლეონარდო და ვინჩი” 2010 წლიდან ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ცხადდება. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები