ომბუდსმენი 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან რეაგირებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
საუბარია თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ აღსაზრდელთა მონაწილეობით დადგმულ „ქორწინების“ სცენაზე.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მავნე ზეგავლენას ახდენს მისი ცნობიერების ფორმირებაზე.
როგორც ”კვირას” საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, ბავშვის დაცვისა და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმთავრეს პრინციპად ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, მისი ჭეშმარიტი, საუკეთესო ინტერესების სრულ გათვალისწინებას აღიარებს. ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის შესაბამისი დაცვა და მისი საუკეთესო ინტერესების რეალიზება.
”ამავე კონვენციის 29–ე მუხლით დაცულია ბავშვის უფლება, რომ მისი განათლება მიმართული იყოს ბავშვის პიროვნების, მისი ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებისკენ. განათლებამ უნდა მოამზადოს ბავშვი თავისუფალ საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის. შესაბამისად, სკოლამდელ დაწესებულებებში მიმდინარე სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო პროცესი უნდა ემსახურებოდეს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას და შეესაბამებოდეს მის ასაკობრივ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს”, – განმარტავენ ომბუდსმენის აპარატში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე. ასევე, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს, იხელმძღვანელონ სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებით და ბავშვის სააღმზრდელო პროცესი წარმართონ მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები