ლევან იზორიამ რუმინელ დიპლომატებთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და რუმინეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვალერიკა პიროშა დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხი იყო.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ახლო მომავალში სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება, სადაც უფრო დეტალურად განიხილება შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის პერსპექტივები. შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე საქართველოში წლის ბოლოს კონფერენციის ჩატარებაც იგეგმება.
„იანვარში რუმინეთშიც იქნება მთავრობის ფორმირება, რაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ ამ ურთიერთობების გაღრმავებით, რადგან სწორედ რუმინეთი, როგორც ნატოს წევრი, უნდა გახდეს ლიდერი ქვეყანა, რათა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების სექტორი, უსაფრთხოების თემები იყოს წინ წამოწეული. სწორედ რუმინეთის ლიდერობით გვინდა, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ დისკუსიებში,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.
მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ დიპლომატს მადლობა გადაუხადა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში რუმინელი წარმომადგენლების ჩართულობისთვის.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სხვადასხვა სფეროში ექსპერტების დონის შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის უწყების რეფორმირების პროცესს და ქართველ სამხედროებს საუკეთესო ცოდნასა და გამოცდილებას სთავაზობს.
ლევან იზორიამ მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო აღრმავებს. საუბარი შეეხო რუმინეთის თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების უფროსის საქართველოში სტუმრობის საკითხსაც.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ერთობლივი სამხედრო სწავლებები იყო. სექტემბერში საქართველოში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებაში “Agile Spirit 2016” 35 რუმინელი სამხედრო მონაწილეობდა. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში დაგეგმილ სამხედრო სწავლებებში რუმინული მხარე კვლავ იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები