საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადებით, პატრიარქი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ ვიზიტს. მეუფემ აღნიშნა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
”პატრიარქი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ვიზიტს და ძალიან მაღალი რანგის სასულიერო პირები არიან წარმოდგენილნი ამ დელეგაციაში. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ასეთი თბილი შეხვედრა, რომელიც მოგვიწყვეს. საკმაოდ ფართო და დიდი ინფორმაცია მოგვაწოდეს საქართველოსა და ნატოს ურთიერთობასთან დაკავშირებით. ხვალ ალბათ კიდევ დამატებით მივიღებთ ინფორმაციას ევროპული სტრუქტურებიდან”, – განაცხადა მეუფემ.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ყურადღება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხზე გაამახვილა.
”ვისაუბრეთ დევნილთა რაოდენობაზე და გზებზე, როგორ შეიძლება ამ ყოველივეს დაძლევა. საქართველოს ეკლესია მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფოს, მის განვითარებას და ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენ ირგვლივ მყოფ ყველა ქვეყანასთან”, – განაცხადა მეუფემ.
ჯეიმს აპატურაის თქმით კი, სასულიერო პირები საკმაოდ ინფორმირებულნი არიან.
”ჩემთვის დიდი პატივია არქიეპისკოპოსებთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა. ასეთი დელეგაცია ჩვენთან პირველად ჩამოვიდა. როდესაც გენერალური მდივნის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, ის შეხვდა საქართველოს პატრიარქს. მინდა აღვნიშნო, რომ სასულიერო პირები საკმაოდ ინფორმირებულნი არიან. დეტალურად ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, ნატო- საქართველოს ურთიერთობაზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან დევნილები. დღეს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათი პოზიცია არის ქართველი ხალხის ნების მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესია ქართულ საზოგადოებაში”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები