ლიხაურის სკოლის დირექტორი მოსწავლეების მოწამვლის ფაქტს უარყოფს

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის სკოლის დირექტორი ირმა მენაბდე მოსწავლეების მოწამვლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც „კვირას“ მენაბდემ განუცხადა, სკოლის ორ მოსწავლეს სეზონური ვირუსი დაუდგინდა. მისივე თქმით, მოწამვლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„არანაირი მოწამვლის ფაქტი არ ყოფილა. ბავშვებს ვირუსი ჰქონდათ. ორივეს ტემპერატურის მატების თანმდევი სიმპტომები აღენიშნებოდა. ერთ-ერთი მოსწავლე გაკვეთილზე იყო, როდესაც ცახცახი დაეწყო. როდესაც მივმართეთ შესაბამის დაწესებულებას, ექიმმა შეამოწმა, გასინჯა. ბავშვებს ნაჭამიც კი არ ჰქონიათ და როგორ მოიწამლებოდნენ ფუნთუშით?! ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ჩვენი სკოლის 3 მოსწავლე მოიწამლა. ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში მხოლოდ ორი, მე-6 კლასელი გოგონები მივიყვანეთ, მესამე მოსწავლეს კი არც ვირუსთან და არც მოწამვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დასვენებაზე უმნიშვნელო დაზიანება მიიღო წარბთან და რადგან სასწრაფო მაინც გამოვიძახეთ, მასაც დაუმუშავეს დაზიანებული ადგილი“, – განაცხადა ირმა მენაბდემ.
მოზარდების მოწამვლის ფაქტს უარყოფს ასევე ოზურგეთის ჰოსპიტალური ქსელის, „მედალფას“ ექიმი ქეთევან ღლონტი. „კვირასთან“ საუბრისას, ექიმმა განმარტა, რომ მოზარდებს სეზონური ვირუსის თანმდევი სიმპტომები აღენიშნებოდათ. მოსწავლეები უკვე სახლში გაწერეს.
ინფორმაციის დასაზუსტებლად „კვირა“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსაც დაუკავშირდა. როგორც სააგენტოში განაცხადეს, ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით, ინტოქსიკაციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები