“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენას დადებითად აფასებს

ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებულ ინიციატივას, დროულ გადაწყვეტილებას უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”. “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა აცხადებს, რომ ავტოსატრანსპორტო ტექნიკური დათვალიერების სავალდებულო შემოწმება უმნიშვნელოვანესია.
“ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები უნდა შეიქმნას რეგიონებში, თბილისში. ეს პროცესი უნდა იყოს ერთიანი, ცენტრალიზებული, მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა კორუფცია გამოირიცხოს. მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტირების პროცესის დროს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მძღოლებს”, – განაცხადა კვაშილავამ.
მისივე თქმით, ცნობილია, რომ გაუმართავი მანქანები იწვევენ ჰაერის დაბინძურებას, რაზეც არაერთი სტატისტიკა არსებობს.
“ზოგადად, ქვეყანაში, ჰაერის დაბინძურების 70% მოდის ავტოტრანსპორტზე. მეორე პრობლემაა საგზაო უსაფრთხოების საკითხი. ჩვენთან სტატისტიკის შეგროვება არ არის ისეთ დონეზე, როგორც სხვა ქვეყნებში, ზოგადად, ავტომანქანების გაუმართაობით, 20-30%-მდე ავარიები ხდება”, – აღნიშნა კვაშილავამ.
ავტომობილების სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებით, მთავრობა საერთაშორისო კომპანიას დაიქირავებს. მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირების ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. რეფორმაში 30 მლნ. დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. ავტომობილების ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. მისი ფასი 40 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები