ტექდათვალიერება საქართველოში სავალდებულო გახდება – როგორია სპეციალისტებისა და საზოგადოების განწყობა

საქართველოს მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.qumsika
ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება ექნება.
დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და ინტერესთა გამოხატვის წარდგენის პროცედურებს დადებითად აფასებს ორგანიზაცია „ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საშუალება ყველა შესაბამის კომპანიას მიეცა.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას, უნდა ითქვას, რომ დღეს გაკეთებული განცხადება არის სწორი და იმედისმომცემი. პრაქტიკულად, გათვალისწინებულია არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. გამოცხადდა ისეთი ტიპის კონკურსი, რომელშიც ყველა შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიას შეუძლია მონაწილეობა. ახლა მთავარია სწორად იქნას შერჩეული ეს საკონსულტაციო კომპანია, რომ მან სწორი რეკომენდაციები მისცეს ხელისუფლებას. არსებობს ძველი კანონმდებლობა, ჩემი აზრით, ამ საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც შემოვა, აუცილებლად უნდა დაევალოს, რომ გადახედოს ამ კანონმდებლობას და ნახოს რა არის გამოსასწორებელი. 14972049_539206502952204_1607366623_nეს ისეთი სფეროა, ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ, უბრალოდ, უნდა შევარჩიოთ სწორი მიდგომა, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით. კარგია, რომ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება, თუმცა გამარჯვებულ საკონსულტაციო კომპანიას აუცილებლად უნდა ესმოდეს, რომ თუ ტექნიკური დათვალიერება მთელი სისტემით იქნება შემოღებული, ალბათ ავტომობილების 80%-ს შეამცირებს ,ამიტომ პროცესი ეტაპობრივად უნდა წარიმართოს“, – აცხადებს დავით მესხიშვილი.
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით თავდაპირველად მუშაობა უნდა წარიმართოს ჰაერის დაბინძურების მაქსიმალურად შემცირებისთვის. მისი თქმით, ამ მიმართულებით, დღევანდელი ვითარება რომ მძიმეა, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.
“ჩვენ გვაქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემი, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მხრივ და ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი, ეს, ძირითადად, გამონაბოლქვით არის გამოწვეული. ჩვენი რეალობა ასეთია – 800 ათასზე მეტი ძველი (10 წელზე უფრო მეტი ხნის) ავტომობილია ქვეყანაში. პირველ ეტაპზე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ავტომობილებს, რომლებიც შავ, თვალშისაცემ გამონაბოლქვს უშვებენ და პირდაპირ წამლავენ საზოგადოებას, გადაადგილება აეკრძალოთ. ეს გამონაბოლქვი განსაკუთრებულად პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობას უქმნია საფრთხეს, რადგან მასში შემავალი მავნე ნივთიერებები ერთი მეტრის სიმაღლეზე კონცენტრირდება. ადამიანები, რომლებიც ასეთი ავტომობილებით გადაადგილდებიან, არიან უპასუხისმგებლონი და კანონმდებლობა შესაბამისი უნდა იყოს მათ მიმართ. ასევე, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს საზოგადოებასთან აქტიური მუშაობა, უნდა მოხდეს ინფორმირება მუდმივად, მესიჯი უნდა იყოს ასეთი – ტექდათვალიერების მიზანი ავტომობილების რაოდენობის შემცირება კი არ არის, მიზანია ჯანსაღი გარემოს შექმნა, რომელიც ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს პროცედურა მხოლოდ იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ ევროდირექტივაა, არამედ პირველ რიგში იმისთვის, რომ შევქმნათ მაქსიმალურად ჯანსაღი გარემო“, -აცხადებს მესხიშვილი.15033580_539206639618857_201786550_n
მესხიშვილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არსებობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მძღოლისთვის ტესტირება როგორც ფინანსურად, ისე გეოგრაფიულად, ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მისვე თქმით, ტესტირების პროცესში, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს პერსონალური ურთიერთობები, რათა გამოირიცხოს კორუფციის ალბათობა.
„ტექნიკური ტექსტები აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურით, რომ გამოირიცხოს ცდომილება, პერსონალი უნდა იყოს სათანადოდ გადამზადებული. ამასთან, გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ტექდათვალიერების ცენტრები მძღოლებისთვის. დღეს მაგალითად, ავტომობილზე გაზის სისტემის შემოწმებისთვის ბათუმის მცხოვრებს თბილისში უწევს ჩამოსვლა. კორუფციის ალბათობაც მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი – ყველას გვახსოვს „ტეხასმოტრების„ მანკიერი პრაქტიკა. ისეთი საინფორმაციო ბაზა უნდა შეიქმნას, რომ ავტომობილი როგორც კი გაივლის შემოწმებას, ინფორმაცია ხვდებოდეს ისეთ კომპიუტერულ პროგრამაში, რომელშიც ამ პირველადი ინფორმაციის გადაკეთება არავის შეეძლება, პერსონალური ურთიერთობები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი“, -აღნიშნა მესხიშვილმა “კვირასთან“ საუბრისას.
“კვირასთვის“ ცნობილი გახდა, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ ტექდათვალიერების საკითხზე ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მონაცემები. კვლევის თანახმად, მკვეთრად პოზიტიურია სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების ინიციატივის მიმართ არსებული განწყობა – მოქალაქეთა 76% ემხრობა აღნიშნულ ინიციატივას და მხოლოდ 12% ეწინააღმდეგება. ინიციატივის მომხრეთა შორის კვლავ ქვეითები სჭარბობენ, კერძოდ, ემხრობა ქვეითების 79%, ხოლო მძღოლების 70%. კვლევის ფარგლებში, 1000 ინტერვიუერი გამოიკითხა, კერძოდ, თბილისში – 250 მძღოლი, 250 ქვეითი, თითოეულ რეგიონალურ ქალაქში – 125 მძღოლი და 125 ქვეითი.14971376_539206769618844_1695804352_n
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ტექდათვალიერება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას, არამედ უსაფრთხოების გაზრდასაც. ​მომხრეთა 46% თვლის, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებით ნაკლებად დაბინძურდება გარემო, 37%-ს ნაკლებად შეაწუხებს გამონაბოლქვის სუნი, ხოლო 26% კი მიიჩნევს, რომ გაუმართავი მანქანები ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას, შესაბამისად, შემცირდება გზებზე ავარიების რაოდენობა. აღნიშნულ მოსაზრებას ყველაზე მეტად ქუთაისელები იზიარებენ.
ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, ინიციატივის მოწინააღმდეგეები ძირითად მიზეზად მძღოლებისთვის ზედმეტი ხარჯის დაკისრებას ასახელებენ (55%). ათიდან ოთხი (40%) კი თვლის, რომ საქართველოს ავტოპარკის დიდი ნაწილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. საგულისხმოა, რომ ინიციატივის მოწინააღმდეგეთა 39%-ის აზრით, ტექდათვალიერება არ განხორციელდება კეთილსინდისიერად. ამგვარი მოსაზრება ყველაზე მეტად გავრცელებული კვლავ ქუთაისში აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ტექდათვალიერების პროცედურის სანდოობაში ეჭვი მძღოლებზე (31%) მეტად ქვეითებს (48%) შეაქვთ.
საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი მთავრობის მიერ ამ მიმართულებით პროცედურების დაწყებას მიესალმება. მისი თქმით, დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება, ტექდათვალიერების ამოქმედების მიზნით, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
„დღეს გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რაც ძალიან მისასალმებელია და იმედს გვაძლევს, რომ შემდგომშიც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. თუ პროცესი ტემპებში გაგრძელდა, 2018 წლიდან ამოქმედდება ინსპექტირების ნორმები და ევროდირექტივების პუნქტებს შევასრულებთ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შესაბამისი კომპანიები ტენდერში აქტიურად ჩაერთვებიან, ინტერესი იქნება დიდი. ჩვენ, ჩვენის მხრივ, აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს პროცესებს“, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების თაობაზე განწყობა პოზიტიურია, აუცილებელია საინფორმაციო კამპანიების ჩატარება – რას ნიშნავს ტექდათვალიერება და რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული. თავად ინსპექტირების ნორმებს რაც შეეხება, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები