რას ყვებიან სირიაში გარდაცვლილ მუხმად ხანგოშვილის ახლობლები – „დედა ყველანაირად ცდილობდა მის დაბრუნებას“

სირიაში გარდაცვლილი პანკისელი მუხმად ხანგოშვილის ახლობლები 24 წლის მამაკაცის გარდაცვალებას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სხვა მოლოდინი არც ჰქონდათ. ხანგოშვილის ნათესავების ინფორმაციით, მუხმად ხანგოშვილი სირიაში 2 წელზე მეტია, რაც წავიდა, მისი დაბრუნება კი დედას არაერთხელ უცდია.
„ორ წელიწადზე მეტი იქნება, რაც წავიდა. ჯერ თურქეთში იყო წასული და შემდეგ გადავიდა სირიაში. დედამისი ყველანაირად ცდილობდა მის დაბრუნებას. ერთხელ თურქეთიდან მოაბრუნა იქაც იყო წასული. სხვანაირი მოლოდინი არც იყო, რომ ცოცხალი დაბრუნდებოდა ან ის ან სხვა. როგორც ვიცით, ბათირაშვილის ჯგუფში უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. 24 წლის მუხმად ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრია. როგორც ცნობილია, იგი თარხან ბათირაშვილთან, იგივე ომარ ალ შიშანთან დაახლოებული პირი იყო. ხანგოშვილი საბრძოლო შეტაკებების დროს დაიღუპა. ეს პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდის გარდაცვალების უკვე 22-ე შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები