იენს სტოლტენბერგი: ვხედავთ რუსეთს, რომელიც მზად არის უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გამზადებულად თვლის.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „დოიჩე ველე“-ს გადაცემა DW Conflict Zone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის მიმართ რუსეთის უარყოფით განწყობებზე.  მისი განცხადებით, ევროპა უსაფრთხოების კუთხით ახლა რთულ სიტუაციაშია.
„ჩვენ ცივი ომის პირობებში არ ვართ ნაწილობრივ იმის გამო, რომ აღარ არსებობს ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ბლოკი. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში არსებული დღევანდელი ვითარება უკავშირდება გამოწვევებს – ჩვენ არ გვაქვს პარტნიორობა, რომლის დამყარებასაც ცივი ომის შემდეგ ვცდილობდით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთმა არსებითად გაზარდა სამხედრო პოტენციალი და სწორედ ამიტომ, ნატომ, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ჯარების განლაგებით, ცივი ომის შემდეგ კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების უპრეცედენტო ზომები მიიღო.
„ჩვენ სამჯერ გავზარდეთ ნატოს სწრაფი რეაგირების ჯარების რაოდენობა 40 000 სამხედრომდე და შევქმენით გაერთიანებული ოპერატიული ძალები. ჩვენ ვერ ვხედავთ გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე მოკავშირისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც მზად არის, საკუთარი მეზობლების, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები