აჭარის მთავრობა უდედოდ დარჩენილ სამშვილიან ოჯახს დაეხმარება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აბაშიძეების სამშვილიან ოჯახს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ესტუმრა. რამაზ ჯინჭარაძე ადგილზე მდგომარეობის გასაცნობად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თხოვნით იმყოფებოდა. უმუშევრად დარჩენილი ბავშვების მამა, როლანდ აბაშიძე მინისტრის მოადგილეს პირადად გაესაუბრა. რამაზ ჯინჭარაძე აბაშიძეების ოჯახს არსებული რესურსით და შესაძლებლობით დახმარებას დაპირდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტყუპების დაბადების შემდეგ ოჯახს ერთჯერადი დახმარება 2000 ლარის ოდენობით გადაეცა, დედის ავადმყოფობის პერიოდშივე სოციალურ სააგენტოს ჩვილები მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა აყვანილი, რაც სოფლის ექიმისა და ექთნის მიერ კონტროლს და კვებითი რაციონით უზრუნველყოფას გულისხმობდა. როგორც აჭარის მთავრობას სოციალური სააგენტოდან აცნობეს, ოჯახში ამ ეტაპზე ბავშვებისათვის 2 თვის საკვების მარაგი მიწოდებულია. პატარები ერთი წლის მანძილზე დარჩებიან სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ. უახლოეს დღეებში, სოციალური მუშაკები კვლავ ეწვევიან აბაშიძეების ოჯახს, მოახდენენ ქულების ხელახალ გადათვლას, რის შემდეგაც ოჯახს, სავარაუდოდ, სოციალური დახმარებაც დაენიშნება.
აჭარის ჯანდაცვის წარმომადგენელთან საუბრისას, ოჯახის მამამ როლანდ აბაშიძემ სხვა საჭიროებებთან ერთად ხაზი გაუსვა გაზიფიცირების საკითხს. კერძოდ, ოჯახს სჭირდება სახლამდე უკვე მიყვანილი გაზის ოთახებში შეყვანა და გათბობის ქვაბის მონტაჟი. აჭარის მთავრობა გაზით უზრუნველყოფასთან ერთად როლანდ აბაშიძის დასაქმების შესაძლებლობასაც განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძეების სამშვილიანი ოჯახი გაჭირვების უკიდურეს ზღვარზე დედის ავადმყოფობის შედეგად მივიდა. 32 წლის ქალმა ტყუპები, დავითი და ნიკოლოზი გააჩინა. საკეისრო კვეთის დროს იგი უგონო მდგომარეობაში ჩავარდა და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი მეუღლის სასთუმალთან გატარებული დღეების გამო, პატარების მამამ, როლანდ აბაშიძემ სამსახური დაკარგა. სამი მცირეწლოვანის გაზრდაში მამას ბავშვების ბებია ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები