შსს-მ საპოლიციო თანამშრომლობის თემაზე რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ნატრიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ 2 დღიან რეგიონულ კონფერენციაში – „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კოორდინატორთა ქსელი – კანონის აღსრულება, ინფორმაციის გაცვლა“.
კონფერენციაზე ოპერატიული საქმეების ანალიზის შესახებ იმსჯელეს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო ოპერატიული საქმეები განიხილეს.
კონფერენციას ავსტრიის ბუნდესკრიმინალამტის კრიმინალური პოლიციის უფროსი ერნსტ გაიგერი, ამავე სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი პოლ მარუშეკი, აღმოსავლეთ ევროპული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის წარმომადგენელი ალოის ზორვეგი, ასევე, მოლდოვის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველო ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი ქვეყანაა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ევროკავშირის პროექტში ჩაერთო. პროექტი რეგიონის ქვეყნებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლას, არალეგალური ფულის მიმოქცევის კონტროლს და დამნაშავეთა დაკავების პროცესში კოორდინაციას გულისხმობს. იგი, ასევე, ხელს უწყობს ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი გამოძიებების ინიცირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები