სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ინკლუზიური პროექტის პრეზენტაცია გამართა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ინკლუზიური პროექტის პრეზენტაცია გამართა.
როგორც „კვირას” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის პროგრამის ფარგლებში, UG Lemondo Trainings ცენტრთან ერთად, უნიკალური პროგრამა განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, შშმ ახალგაზრდები მობილური აპლიკაციების დეველოპმენტს შეისწავლიან, რის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ, წამოიწყონ საკუთარი საქმე. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს საქართველოში პირველი ინკლუზიური სტარტაპი იქნება.
პროგრამა საპილოტეა, მის მონაწილეებს მიეცემათ შანსი, დაეუფლონ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას და გახდნენ მოთხოვნადი კადრი გლობალურ ბაზარზე. პროგრამირების შესწავლა პირველი საფეხურიდან იწყება და წინასწარ სპეციალურ ცოდნას არ საჭიროებს.
მონაწილეების შერჩევა ორ ეტაპად მოხდება: I- აპლიკაციები და II-ჰაკათონი. პირველ ეტაპზე შეირჩევა 10 შშმ პირი და შეიქმნება ინკლუზიური კლასი. უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებიც ფლობენ საშუალო დონის ინგლისურს, რათა შეძლონ მასალის დამუშავება. ინტენსიური პროგრამა 3 თვე გაგრძელდება. UG Lemondo Trainings-ის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ორსაათიანი შეხვედრა კვირაში ოთხჯერ ჩატარდება.
”პირველი ორი კვირა დაეთმობა შესავალს პროგრამირებაში და მასთან დაკავშირებული კომპეტენციების ამაღლებას. მომდევნო ორი თვე დაეთმობა თეორიულ და პრაქტიკულ ინტენსიურ კურსს iOS-ის ან Android-ის მიმართულებით. პროგრამის დასკვნით ნაწილში განხორციელდება პრაქტიკული მუშაობა თემაზე “შექმენი შენი პირველი აპლიკაცია“, – ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტექნოპარკში გამართულ ახალი პროგრამის პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრო.
„თქვენ გაქვთ შანსი, დაეუფლოთ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას და გახდეთ მოთხოვნადი კადრი გლობალურ ბაზარზე. პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, წამოიწყოთ საკუთარი საქმე. ნუ შეგაშინებთ ის გარემოება, თუ ეს სფერო- კომპიუტერული ტექნოლოგიები – უცხოა თქვენთვის, ვინაიდან ყველაფერს შეგასწავლით ნულიდან. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს და იზრუნებს იმაზე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ რეალიზებული და იყვნენ მოთხოვნადი სხვადასხვა სფეროში.
ახლა ჯერი თქვენზეა. ჩვენს პროგრამაში ჩართვით თქვენ უკვე გამოხატეთ ახალი პროფესიის დაუფლების სურვილი, რაც თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირდება. ახლა თქვენ უნდა გამოავლინოთ თქვენი განსაკუთრებული შესაძლებლობები, რადგან თქვენი მიზანდასახულობა და მონდომება, თქვენს მიერ მიღწეული შედეგები, ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს მისცემს სტიმულს და გაუჩენს სურვილს, თავადაც ჩაერთონ ამ პროგრამაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და თქვენ იქნებით წარმატებულები იმ საქმეში, რომელსაც ჩვენ ახლა ერთად ვიწყებთ. გისურვებთ წარმატებას“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები