გურიის გუბერნატორი ჩინეთის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელს ხიონგ ხიანგლონგს და მის თანხმლებ პირებს შეხვდა.
გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ჩაის მეურნეობის წარმოებაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერაზე, ტურიზმის და თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ოზურგეთისა და ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქთან დამეგობრების საკითხიც.
გუბერნატორმა სტუმრებს რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და არსებულ თავისუფალ საინვესტიციო გარემოზე ვრცლად ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციები დაათვალიერეს და სოფელ მერიაში ყოფილი აეროდრომის შენობა მოინახულეს.
„ჩინურმა მხარემ ინვესტიციის განხორციელების დიდი სურვილი გამოთქვა და ისინი ინვესტიციის ჩადებას რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით გეგმავენ. დღევანდელ შეხვედრაზე დაისახა გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ვისაუბრეთ გურიაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. დავათვალიერეთ ჩაის პლანტაციები და სოფელ მერიის ყოფილი აეროდრომის ტერიტორია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ინვესტორების სურვილის შემთხვევაში გაფორმდება მემორანდუმი, ხოლო შემდეგ ეტაპზე შესაძლებელია სოფელ მერიაში სატვირთო გადაზიდვების აეროდრომისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. რაც შეეხება ჩაის წარმოებას, მათ მოითხოვეს 150 ჰა. ჩაის პლანტაცია, რომლის რეაბილიტაციასაც პროექტის განხორციელების შემთხვევაში აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები მოახდენენ“, – განაცხადა გია სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები