“შეიძლება მშობელი ყოველდღიურად იყოს შვილის გვერდით, თუმცა ემოციურად შორს” – როგორ შევუმსუბუქოთ შვილებს განქორწინებით გამოწვეული სტრესი

მშობლების განქორწინება თავისთავად სტრესულია ბავშვებისთვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მხარეებს შორის უთანხმოება გაყრის შემდეგაც გრძელდება, რაც ბავშვის ფსიქიკას დამატებით ტრავმას აყენებს.
ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის, “სტიმულის“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი დიანა ნიკოლაიშვილი “კვირასთან“ საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ მშობლებმა შვილებს სათანადოდ უნდა განუმარტონ, რომ ცოლ-ქმრის  დაშორება არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი დედას ან მამას კარგავს.
ფსიქოლოგი დიდ შეცდომად მიიჩნევს, დაშორების შემდეგ ქალის ან მამაკაცის მხრიდან ყოფილი მეუღლის აუგად მოხსენიებას და მის ნაკლოვანებებზე საუბარს შვილის თანდასწრებით.
“ბავშვისთვის კარგად უნდა იყოს ახსნილი, რომ დედის და მამის გაყრით ის არ კარგავს რომელიმე მათგანს. განსაკუთრებით 5 წლის ასაკამდე ბავშვი ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებს, ანუ საკუთარ თავში ეძებს მიზეზს და ძალიან ტრავმირებულია მშობლების დაშორების გამო. ამიტომ, ბავშვისთვის კარგად უნდა იყოს ახსნილი თუნდაც სხვა – დაშორებული წყვილების მაგალითზე, რომ ეს ბავშვები ნახულობენ როგორც დედას, ისე მამას.

საბედნიეროდ, უამრავი შემთხვევა ვიცი, როცა დაშორების შემდეგ მამები (ვინაიდან შვილები ძირითად შემთხვევაში დედებთან იზრდებიან გაყრის შემდეგ) შვილებს ყოველდღე ნახულობენ და რამდენიმე საათს ატარებენ ერთად, ბავშვს დიდი დრო კი არ სჭირდება, სჭირდება ყურადღება და სითბო. შეიძლება მამა ყოველდღიურად იყოს შვილის გვერდით, თუმცა ემოციურად იყოს ძალიან შორს. ეს იგივენაირი სტრესია ბავშვისთვის, როგორც განქორწინება. თუმცა ასევე არის შემთხვევები, როცა ერთ-ერთი მშობელი ძალიან იშვიათად მიდის ბავშვის სანახავად, მეორე მშობელი კი ბავშვის თანდასწრებით აკრიტიკებს ყოფილ მეუღლეს ამის გამო და აუგად მოიხსენიებს მას. კიდევ არის შემთხვევები, როდესაც დაშორების შემდეგ, ბავშვის მშობლები ახალ ოჯახებს ქმნიან, მათი საერთო შვილი კი თავს გარიყულად გრძნობს. მაგალითად, მე მყავდა ერთი პატარა პაციენტი, რომელიც თავს სწორედ ასეთად გრძნობდა, ცხოვრობდა ბებიასთან და მიყვებოდა, რომ დედამაც და მამამაც ახალი ოჯახები შექმნეს, თვითონ კი ოჯახი არ ჰქონდა.

ასეთი გარემოებები ბავშვებზე ზრდასრულ ასაკში უარყოფით გამოვლინებებს იწვევს. შეიძლება ასეთმა ბავშვებმა ოჯახის შექმნაზე საერთოდ უარი თქვან, რადგან მათ ცხოვრებამ მცირე ასაკში არაჯანსაღი მაგალითი აჩვენა, ყველა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მშობლები ვალდებულნი არიან, ფაქიზად მიუდგნენ ამ საკითხს და მაქსიმალურად შეუმსუბუქონ შვილებს დედ-მამის დაშორებით გამოწვეული სტრესი“, – განუცხადა “კვირას“ დიანა ნიკოლაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები