რა უფლებები აქვთ კანონიერი ქორწინების გარეშე დაოჯახებულებს დაშორების შემთხვევაში – იურისტის განმარტებები

რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა, რომლებიც მეუღლეს დაშორდნენ, თუმცა მასთან ცხოვრების პერიოდში რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ.
როგორია კანონის მიდგომა ასეთ დროს ალიმენტის, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ქონების გაყოფასთან მიმართებაში – ამ და სხვა საკითხებზე “კვირას“ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი თეა ყაულაშვილი ესაუბრა.
როგორც იურისტი განმარტავს, წყვილი, რომელიც მხოლოდ ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა, თუ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ვერ თანხმდება იმაზე, თუ ვისთან იცხოვროს შვილმა, როგორ მოხდეს ქონების განაწილება და ასე შემდეგ, დავა გრძელდება სასამართლოში.
„როცა წყვილი ცხოვრობს ერთად, ჰყავთ შვილები, თუმცა ხელი არ აქვთ მოწერილი, ასეთ თანაცხოვრებას ჰქვია ფაქტობრივი ქორწინება.
ასეთი წყვილის დაშორების შემდეგ მშობლები უნდა შეთანხდნენ, ვისთან გაიზრდება ბავშვი – დედასთან თუ მამასთან. თუ ვერ შეთანხმდებიან და არსებობს მშობლებს შორის წინააღმდეგობა, მაშინ ამ დავის გადაწყვეტის ორგანო არის სასამართლო. სასამართლოს ოფიციალური სარჩელით მიმართავს ერთ-ერთი მშობელი. როგორც წესი, სასამართლოში ბავშვის ინტერესების დამცველად ერთვება სოციალური მუშაკი, ანუ ბავშვის წარმომადგენელი სასამართლოში არის სახელმწიფო – სოციალური სამსახური, რათა გამოირიცხოს სუბიექტურობა. მშობელმა უნდა წარადგინოს შვილის დაბადების მოწმობა. ბავშვის დაბადების მოწმობაში უნდა ჩანდეს, ვინ არიან მშობლები. ამის შემდეგ იწყება დავა, რომელ მშობელთან უნდა იცხოვროს ბავშვმა. გადაწყვეტილების გამოტანისას მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკს, მის განწყობას , მშობლების საცხოვრებელ გარემოს, შემოსავლებს. ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას.
ცალკე აღებული – დედას ან მამას ბავშვთან მიმართებაში რაიმე უპირატესობა არ აქვს, ორივეს თანაბარი მოთხოვნის წაყენების უფლება აქვს. როცა გადაწყდება, რომ ბავშვმა უნდა იცხოვროს ერთ-ერთ მშობელთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე მშობელს არ აქვს შვილის ნახვის უფლება. მეორე მშობელს, ასეთ შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა. ის, რომ ერთ-ერთ მშობელს შეიძლება ჰყავდეს მეორე ოჯახი, ეს დამაბრკოლებელი გარემოება ვერ გახდება, თუ რაიმე წინააღმდეგობა არ არსებობს ამ ოჯახში.

რაც შეეხება ალიმენტს, როცა გადაწყდება რომელ მშობელს მიენიჭა უფლება შვილის მასთან ცხოვრებისა, ამ მშობელს შეუძლია მოითხოვოს ალიმენტის გადახდა ბავშვის სასარგებლოდ. ალიმენტის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს მეორე მშობლის სოციალური მდგომარეობის, შემოსავლების მიხედვით. შეიძლება, ვისაც ალიმენტს ვთხოვთ, ჰყავდეს სხვა ოჯახიც და თვითონ იყოს ერთადერთი მარჩენალი. ოდენობას ასახელებს ის, ვინც ითხოვს ალიმენტს, მაგრამ სასამართლოს შეუძლია მიაკუთვნოს იმდენი, რამდენსაც ითხოვს მშობელი ან იმაზე ნაკლები, მეტს ვერ დააკისრებს სასამართლო“, -აცხადებს თეა ყაულაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ფინანსური დავა უკვე ყოფილ წყვილს შორის, რომლებიც მანამდე მხოლოდ ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, იურისტი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში კანონი რეგისტრირებული ქორწინების პრინციპით ვეღარ ხელმძღვანელობს.
თუ რეგისტრირებული ქორწინების დასრულების შემდეგ ქორწინების პერიოდში დაგროვებული ქონება განიხილება როგორც მეუღლეთა თანასაკუთრება, ფაქტობრივი ქორწინების შეწყვეტის შემდეგ დავა გადაწყდება საერთო ქონებრივი დავის პრინციპიდან გამომდინარე.
ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ ფაქტობრივი ქორწინების დროს, ესა თუ ის ნივთი საკუთარი სახსრებით შეიძინა.
თანასაკუთრება ნიშნავს რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას შეძენილ ქონებას. ის, რა ქონებაც დაგრვებულია რეგისტრირებულ ქორწინებაში (მნიშვნელობა არ აქვს, რომელმა შეიძინა ეს ქონება და ვის სახელზეა რეგისტრირებული ) ყოფნისას, განიხილება, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრება. როცა არ გვაქვს რეგისტრირებული ქორწინება და საქმე გვაქვს ფაქტობრივ ქორწინებასთან, მათი ქონებრივი დავა გადაწყდება საერთო ქონებრივი დავის პრინციპიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში, ორივე მეუღლემ უნდა ამტკიცოს, რომ რაიმე კონკრეტული ნივთი საკუთარი ფინანსებით შეიძინა“, -აცხადებს თეა ყაულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები