გიორგი ალიბეგაშვილმა მოსახლეობას გაწეული მუშაობის ანგარიში ჩააბარა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა 2016 წელს გაწეული მუშაობის  ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაცია საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულება მიულოცა და პროცესის გამჭვირვალობასა და დემოკრატიულობას გაუსვა ხაზი.
გიორგი ალიბეგაშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კონკურენტულ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა.

,,ამ არჩევნებით საქართველომ აჩვენა, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების სწორ გზას ადგას, რასაც 2012 წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ბარიერის 50%-მდე ზრდაც ადასტურებს’’, -განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მოხსენება საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ სხდომებსა და ბიუროებზე მუშაობის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვით განაგრძო, მათ შორის ყურადღება მე-5 მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან დადგენილებებსა და განკარგულებებზე გაამახვილა.

ანგარიშში ვრცელი ადგილი დაეთმო ინფორმაციას საკრებულოსა და თბილისის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება-ინიცირებისა და დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

მათ შორისაა 2016 წლის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მრავალი პროგრამა, დედაქალაქის გარემოსდაცვითი სტრატეგია, თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემა, დედაქალაქის საკრებულოს ჩართულობა ახალგაზრდა თაობის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობაში და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც ამავე დროს საკრებულოს განათლებისა და კულტურის და სარევიზიო კომისიების წევრია, ანგარიშის მომდევნო თავი კომისიური მუშაობის მიმოხილვას მიუძღვნა და ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის საბავშვო ბაღების მშენებლობა, გასატარებელი რეფორმები, ჯგუფების დამატება, კვების ხარისხისა და ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესება და კონტროლი. ისაუბრა ასევე სარევიზიო კომისიაში მუშაობის დროს მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, აღნიშნა სარევიზიო კომისიის მაკონტროლებელი ფუნქცია და ამ კუთხით მერიას დაქვემდებარებული სიპებისა და აიპების რევიზიის მნიშვნელობა.

გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მიმოხილვას დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედაქალაქის მდგრად განვითარებას და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნას. გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, თბილისის ისტორიაში პირველად, ქალაქს ექნება სივრცით-ტერიტორიული განვითარების სრულყოფილი დოკუმენტი, რომლითაც მოქალაქეებს სამშენებლო პროცესების მართვისა და მათი განხორციელების კონტროლის შესაძლებლობა ექნებათ.

ანგარიშში ასევე საუბარია საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრებზე მოქალაქეებთან. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შესულია 3889 განცხადება, რომელთა უმეტესობა ამ ეტაპზე უკვე დაკმაყოფილებულია და დარჩენილ ნაწილზე მუშაობა გრძელდება.

ოთხშაბათის ტრადიციული შეხვედრების ფარგლებში გიორგი ალიბეგაშვილი წლის დასაწყისიდან დღემდე მათი პრობლემების გაცნობისა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების მიზნით 670 მოქალაქეს შეხვდა. გარდა მოქალაქეებთან შეხვედრებისა საკრებულოში, მიმდინარეობს გასვლითი შეხვედრები დედაქალაქის ათივე რაიონში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად.
გიორგი ალიბეგაშვილის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საკრებულოს თავმჯდომარის და მე-5 მოწვევის საკრებულოს ინიციატივით დაფუძნებულ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსს – ,,თბილისი”, რომლის მიზანიც ახალგაზრდა ხელოვანების და ლიტერატორების აღმოჩენა, წახალისება და ხელშეწყობაა.

ანგარიშის დასასრულს, გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, მათ შორის, როგორც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიღებაზე თბილისის საკრებულოში, ასევე საქმიან ვიზიტებზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელთა შორის გამოყო ვიზიტები აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში.
საგანგებო ყურადღება დაეთმო იმ ნორმატიულ აქტებს, რომელთა მომზადებაც შესაბამის კომისიებს პროექტების ფორმით აქვთ განსაზღვრული.

ანგარიშის დასრულების შემდეგ პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც მოქალაქეებმა საკრებულოს თავმჯდომარეს მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაუსვეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა მოქალაქეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშს თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, საკრებულოს თავმჯდომარესთან და განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები