საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე მიმართულებით პროექტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა-მოდერნიზაციის მიზნით, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, საერთაშორისო ტენდერი რამდენიმე მიმართულებით გამოაცხადა.
როგორც “კვირას” გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები შემდეგ მიმართულებებზე წარმოადგინეს:
წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად, ჟინვალი-ლარსის გზისთვის;
დეტალური პროექტის მოსამზადებლად, ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის;
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად, თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის გზებისთვის;
დეტალური პროექტის მოსამზადებლად, თბილისი-საგარეჯოს და საგარეჯო-ბაკურციხის გზების განახლებისთვის;
წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად, სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზისთვის (ანაკლიის საზღვაო პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით).
ასევე, გაიხსნა ტენდერში მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები, ძირულა-ხარაგული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, დეტალური პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის მოსამზადებლად.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთები პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირკაშვილის ინიციატივის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები