“გაწვერულვაშიანებულმა ე.წ. ქალებმა და განაზებულმა ე.წ. კაცებმა ვერ უნდა გამოხატონ უზნეობის სურვილი”

ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე დოდო გუგეშაშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობასთან და მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
ასოციაცია 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე, სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეშფოთებას აკრიტიკებს. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზემოაღნიშნულ საზოგადოებას წინა ხელისუფლების მიერ ომის ვეტერანების მიმართ განხორციელებული ქმედებები არცერთხელ არ გაუპროტესტებია.
მიმართვის თანახმად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების უდიდესი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეა და ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციურად გამყარების მოლოდინშია.
„დემოკრატიულად ჩატარებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა პოლიტიკურად შეფერილი სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეშფოთება საკონსტიტუციო უმრავლესობასთან და მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. წინა ხელისუფლების 9 წლიანი უმრავლესობის მმართველობის დროს არ გვახსენდება სამოქალაქო „პოლიტიკური“ საზოგადოების ამ ნაწილის აღშფოთება მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომში, აფხაზეთში გმირულად დაღუპული ბიჭების სურათები ნაგვის ყუთებში გადაყარეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. როცა უმრავლესობაში მყოფმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძვლებში დალეწეს გმირთა მემორიალთან შეკრებილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, არც მაშინ გამოუხატავს შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოების ზემოაღნიშნულ ნაწილს. როცა უმრავლესობაში მყოფმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გმირთა მემორიალთან, ომში დაღუპული ბიჭების დედები გაზონებში მოისროლეს, სამოქალაქო საზოგადოების ზემოაღნიშნული ნაწილის შეშფოთება არც მაშინ გვახსენდება. ახლა კი არჩევნების მეორე ტურამდე აპოკალიფსურ ფერებში ხატავენ საკონსტიტუციო უმრავლესობას და მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების უდიდესი ნაწილი მოლოდინში ვართ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და განსაკუთრებით ოჯახის, ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციურად გამყარებას, რათა სქესით მდედრობითმა გაწვერულვაშიანებულმა ე. წ. ქალებმა და მოკუნტრუშე განაზებულმა ე. წ. მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა, რომელთა უფლებებიც ყველა უმცირესობასთან ერთად დაცულია ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს მომავლის ვერცერთ ეტაპზე ერთსქესიანთა ქორწინებაზე ვერ ისპეკულირონ და ვერ გამოხატონ მსგავსი უზნეობის სურვილი.
ჩვენ საზოგადოების ის ნაწილი ვართ, დღემდე სხეულითა და სულით ომის ჭრილობებს რომ ვატარებთ. ჩვენთვის საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანი იყო და არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამთლიანებული სულიერი, ზნეობრივი, ტრადიციული ღირებულებებით გაჯერებული ეკონომიურად გაძლიერებული სამშობლო, საქართველოს საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეული წევრობა“,-წერია მიმართვაში, რომელსაც ხელს ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოსთან“ ერთად 47 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები