“ ერთად მოზეიმე ამდენი ქართველი ემიგრანტი არ მინახავს“ – შთაბეჭდილებები დუბლინში გამართული “თბილისობიდან“

ირლანდიაში, ქართული დიასპორის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, წელს პირველად გაიმართა „თბილისობისადმი“ მიძღვნილი დღესასწაული.
როგორც “კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ღონისძიების ჩატარების იდეა ირლანდიაში არსებული ქართული ანსამბლის – National Rhythm of Georgia-ს ხელმძღვანელს ლაშა საბაშვილის ეკუთვნის.
ის ჩანაფიქრის განხორციელებას ირლანდიაში მცხოვრებ ქართველებთან ერთად შეუდგა. ლაშა საბაშვილი “კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ღონისძიების მიზანი ირლანდიაში მცხოვრები ქართველების შეკრება, ასევე ირლანდიელებისთვის ქართული ტრადიციების, კულტურის გაცნობა იყო.
მისი თქმით, დუბლინის მერია სიხარულით შეხვდა იდეას და ღონისძიების ჩატარებისთვის ადგილი ირლანდიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გამოყო. როგორც ლაშა საბაშვილი აღნიშნავს, მისი იდეის განხორციელებაში ქართულმა დიასპორამ დიდი წვლილი შეიტანა, ღონისძიებას მხარი დაუჭირა საქართველოს საელჩომაც. წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის, მათ შორის აფხაზური და ოსური კერძები. “თბილისობის“ ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული სიმღერის ბავშვთა ანსამბლის კონცერტი, ქართული ხალხური ცეკვის წარმოდგენა.
ლაშა საბაშვილი ამბობს, რომ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა მომდევნო კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. „ღონისძიებამ გეგმის მიხედვით ჩაიარა და იმაზე მეტი ქართველი და არამხოლოდ ქართველი მოვიდა, ვიდრე ველოდით. ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც არა მხოლოდ ირლანდიაში მცხოვრები, არამედ ევროპაში მცხოვრები ქართველების შეკრება იყო. ამდენი ერთად მოზეიმე ქართველი ემიგრანტი არ უნახავთ. ირლანდიელებიც ძალიან მოიხიბლულები იყვნენ ჩვენი ტრადიციების გაცნობით, ჩვენი კერძების დაგემოვნებით. გაიმართა ქართული სიმღერის ბავშვთა ანსამბლის კონცერტი, ქართული ხალხური ცეკვის წარმოდგენა. ბევრი უცხოელი ქართულად აცეკვდა. ყველაფერი თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი – იწვებოდა მწვადი, ცხვებოდა ხაჭაპური, კეთდებოდა ხინკალი, ჩურჩხელა, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ თბილისში გამართულ “თბილისობასთან“ მიახლოებული ყოფილიყო ფესტივალი. რომ არა აქ მცხოვრები ქართველების თანადგომა და ძალისხმევა, იდეის განხორციელება ალბათ გაჭირდებოდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ირმა ნიკურაძეს – ღონისძიების თანაორგანიზატორს. ასევე მადლობა მხარდაჭერისთვის საქართველოს საელჩოს ირლანდიის რესპუბლიკაში. ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და დარწმუნებული ვარ შემდგომში კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, -აღნიშნა “კვირასთან“ ლაშა საბაშვილმა.

14826319_533556053517249_340550449_n                                                                                                 14877888_533556040183917_229035746_n

14877287_533556206850567_1652120043_n                                                                             14813620_533556083517246_1347962518_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები