სკოლებში ტრადიციულ ქაღალდის ჟურნალს მალე ელექტრონული შეცვლის – ინტერვიუ ზაზა ტყემალაძესთან

90-იან წლებში ჩემი და ჩემი მეგობრების ერთ-ერთი სანუკვარი სურვილი სასკოლო ჟურნალის ხელში ჩაგდება და ნიშნების „გაპატიოსნება“ იყო. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, არაერთხელ მოვქცეულვართ ასე. დღეს კი, ტექნოლოგიების სამყაროში, ვფიქრობ, მსგავსი ქმედების განხორციელება შეუძლებელია.

ანათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ზაზა ტყემალაძის განცხადებით, ტრადიციულ ქაღალდის ჟურნალს მალე ელექტრონული ჟურნალი ჩაანაცვლებს. საპილოტე ვერსია უკვე 400-მდე სკოლაშია დანერგილი. EduNova-ს პროგრამის წყალობით, მასწავლებლებს საშუალება აქვთმარტივად აღრიცხონ მოსწავლეებთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია. რაც შეეხება მშობლებს, სისტემა მათაც ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შვილების დღის განრიგისდავალების, ნიშნების, მასწავლებლის მიერ მიღებული შეფასებების და კომენტარების ნახვა შეეძლებათ.

ჟურნალი, რომელზეც დღეს გიამბობთ, მხოლოდ მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ის ელექტრონულია და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია.

– ბ-ნო ზაზა, რას მეტყვით ელექტრონულ ჟურნალზე, საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

– ახლავე მოგახსენებთ. ელექტრონული ჟურნალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საინფორმაციო სისტემის მართვის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. სისტემის შექმნის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებებში  მიმდინარე პროცესების ეფექტური მენეჯმენტი და ზუსტი მონაცემების შეგროვებაა – მათი დამუშავება, ონლაინ რეჟიმში განახლება და ანგარიშგება.

– რა ტიპის მონაცემებზეა საუბარი? ჟურნალში მხოლოდ ნიშნები ფიქსირდება თუ ის სხვა ინფორმაციასაც შეიცავს?

– საუბარია რამდენიმე სახის ინფორმაციაზე. ტრადიციული ჟურნალისგან ელექტრონულ ჟურნალს ბევრი რამ განასხვავებს. მასწავლებლებს მხოლოდ გაცდენებისა და შეფასებების აღრიცხვა უწევთ. ნიშნებს ჟურნალი ავტომატურ რეჟიმში თვლის. უზრუნველყოფს სემესტრული და წლიური შეფასების გამოანგარიშებასაც. ამასთან, სისტემა შესაძლებლობას იძლევა, შეინახოს ინფორმაცია მოსწავლეების აკადემიური მოსწრების  შესახებ – რამდენი გაცდენა ჰქონდა ბავშვს გასულ თვეში და რამდენი გაცდენა აქვს ახლა. ჟურნალის მეშვეობით იზოგება ზედმეტი დრო და ენერგია, რადგან მასწავლებელს აღარ სჭირდება ნიშნის კალკულაცია – პროგრამა ამას თვითონ აკეთებს.

– ვის ექნება ელექტრონულ ჟურნალზე წვდომა?

– მასზე წვდომა მასწავლებლებსა და მოსწავლეების მშობლებს ექნებათ. თუმცა, ისინი მხოლოდ თავიანთი შვილების მონაცემების ნახვას შეძლებენ. გარდა იმისა, რომ ელექტრონული ჟურნალი მოიცავს დასწრების, აკადემიური მოსწრების, ნიშნების ნახვის, კალკულაციის და გამოცდების მოდულებს, საჭიროებისამებრ, პროგრამა დამატებითი გამოცდის ჩატარების საჭიროებასაც განსაზღვრავს. ეს  იმ შემთხვევაში ხდება, თუ ბავშვის მიერ მიღებული ნიშნების რაოდენობა გარკვეულ ზღვარზე დაბალია.

– ბ-ნო ზაზა, ეს ელექტრონული ჟურნალი რომელიმე ქვეყნის მაგალითზე შეიქმნა?

სიმართლე გითხრათ, ჩვენ დიდი ხანია, ამ პროექტზე ვმუშაობთ. ანალოგები სხვადასხვა ქვეყანაშიც არის. საქართველოშიც იყო მსგავი რამ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და საჭირო გახდა მისი გარდაქმნა.

– ბ-ნო ზაზა, საინტერესოა, რამდენად გამართულია პროგრამა ტექნიკური კუთხით. ხშირად მსმენია, რომ საზღვარგარეთის საგანმანათლებლო სისტემებში ჰაკერების უკანონო შეღწევას ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც ისინი იპარავდნენ პერსონალურ მონაცემებს. მსგავსი რამ თუ გაქვთ გათვალისწინებული? რამდენად ძლიერია ელექტრონული ჟურნალის სერვერები?

– ელექტრონული ჟურნალის შექმნაზე მუშაობდნენ კვალიფიციური ექსპერტები. ის მაქსიმალურად დაცულია. გასაგებია, რომ თუ ადრე ჟურნალებს წვავდნენ, დღეს ის შეიძლება „გატეხო“, მაგრამ სისტემა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, უსაფრთხოების შესაბამისი ზომებით არის აღჭურვილი, რაც არასანქცირებულ შეღწევას გამორიცხავს.

საინტერესოა, მშობლებისთვისაც ხომ არ არის ამ პროგრამით რაიმე სიახლე გათვალისწინებული? ასევე, საინტერესოა, როგორ ხდება სისტემაში შესვლა?

– რა თქმა უნდა, არის. პროგრამა მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, მათი შვილების შეფასებას მეტი ყურადღება მიაქციონ, იხილონ ინფორმაცია სახელმძღვანელოების განრიგის შესახებ, ასევე, ჰქონდეთ კომუნიკაცია დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელთან და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე პროგრამა საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებს, რის გამოც მასზე წვდომის მოპოვება მხოლოდ სკოლის კომპიუტერიდან შეიძლება. თუმცა, 2017 წლისთვის სისტემაში შესვლა ნებისმიერი კომპიუტერიდან იქნება შესაძლებელი.

პროექტის ამუშავება მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება? შეგიძლიათ დამისახელოთ რამდენიმე ისეთი სკოლა, სადაც პროექტი უკვე ფუნქციონირებს?

– პროგრამის საპილოტე ვერსია 400-მდე სკოლაშია დანერგილი. ამ ეტაპზე ის წარმატებით ფუნქციონირებს თბილისის 186-ე, 175-ე, 123-ე  სკოლებში. ასევე, რეგიონებშიც. მათ შორის: ქუთაისის 36-ე, ფოთის 1 საჯარო სკოლაში, ბორჯომის 1, მე-3, და მე-6 საჯარო სკოლებში. პროგრამის სრულყოფას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთულია და მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განხორციელდეს. საუბრის დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ასევე, გვაქვს მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის სერვისი, რომელიც 2017 წლის იანვარში ამოქმედდება. სისტემის მეშვეობით, მშობლებს ტელეფონზე შეტყობინება მიუვათ, რომელიც მათი შვილების აკადემიური და ყველა საჭირო ინფორმაციის შესახებ ცნობებს მიაწვდის.

edunova-221edunova-7edunova-5edunova-4edunova-3edunova-2

წყარო: cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები