რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. 75 წლის რეჟისორი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ტარივერდიევის საიუბილეო საღამოზე დასასწრებად შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ზარი პაციენტის გულის შეტევის გამო დაფიქსირდა. ექიმთა ბრიგადას ნუგზარ ლორთქიფანიძე ოპერის შესასვლელში უგონო მდგომარეობაში დახვდათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეჟისორი ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ კლინიკაში განუცხადეს, რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ნუგზარ ლორთქიფანიძე ქ. თბილისში 1941 წლის 10 იანვარს დაიბადა. 1976 წელს, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. 1976-1983წწ. იყო თელავის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1983-1996წწ. საქართველოს ტელევიზიის, კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის კათედრის დოცენტი; 1996 წლიდან თეატრის მოღვაწეთა კავშირის დრამატული თეატრების განყოფილების გამგე, ქუთაისის ოპერისა და დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგმული აქვს 60 მეტი სპექტაკლი. მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები