ლევილის მამულის განვითარებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა (ვიდეო)

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლევილის მამულის სამომავლო განვითარების საკითხებს განიხილავს. სხდომას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ხელმძღვანელობდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლევილის მამულთან დაკავშირებით მიმდინარე საკითხები განიხილეს. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ლევილის მამულის შემდგომი განვითარების შესახებ საკუთარ ხედვები წარმოადგინეს.
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს 23 სექტემბერს მოეწერა ხელი ლევილში, რითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს − ქართველ ხალხს, დაუბრუნდა.
პარიზიდან 37 კილომეტრის დაშორებით მდებარე 4 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი მოაწერა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, ხოლო ფრანგული მხრიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების − ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, სამსონ ფირცხალავას, ევგენი გეგეჭკორის − შთამომავლები და წარმომადგენლები იყვნენ. ღონისძიებას ესწრებოდა, აგრეთვე, ორი ფრანგი ნოტარიუსი, რომლებიც ემიგრანტთა ოჯახებსა და საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენდნენ.
ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ქ. ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი 25 წელი მიმდინარეობდა. მასში სხვადასხვა დროს უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა, რომელიც 23 სექტემბერს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მამულში, საზეიმოდ გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები