ირლანდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ირლანდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანიის როგორც ტრადიციული ქვევრის, ასევე, ევროპული წესით დამზადებული 17 სახეობის ღვინო, ასევე, შუშხუნა ღვინისა და ბრენდის ნაირსახეობები.
როგორც „კვირას“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა მიმართა.
ღონისძიების მონაწილეებისთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და მეთოდოლოგიის, ქართული მეღვინეობის ისტორიისა და კულტურის, მრავალფეროვანი ყურძნის ჯიშების თაობაზე პრეზენტაცია გამართეს.
სააგენტოს ინფორმაციითვე, დამსწრე საზოგადოებას ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდისა და ქვევრის დამზადების შესახებ დოკუმენტური ფილმი უჩვენეს.
მონაწილეებს ასევე წარუდგინეს საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლები. დეგუსტაციის დასრულების შემდგომ, ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესის, მედიისა და ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის ოფიციალური მიღება გაიმართა.
მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ქართული ქვევრის, ასევე, ევროპული წესით დამზადებული ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების ნაირსახეობები, ქართული ჩაი და უნიკალური მესხური ტექნოლოგიით დამზადებული ტენილი ყველი. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური დეგუსტაცია ირლანდიაში პირველად გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები