ავარიისას დაშავებული ჯარისკაცების უმრავლესობა, სხვადასხვა საავადმყოფოში, მკურნალობას აგრძელებს

დედოფლისწყაროში მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 ჯარისკაცი ამ დრომდე გ.ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.
როგორც „კვირას“ გ.ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ოთხივე ჯარისკაცის მდგომარეობა სტაბილურია და დღემდე მკურნალობას აგრძელებენ, მათ შორის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია, ხოლო სამი სხვადასხვა განყოფილების პალატაში იმყოფება.
„ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. რაც შეეხება დარჩენილ 3 ჯარისკაცს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კლინიკის სხვადასხვა განყოფილების პალატებში არიან მოთავსებულნი. მათ მოტეხილობები და დაზიანებები აღენიშნებათ”, – აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა, რის შედეგადაც 1 ჯარისკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 36 სხვადასხვა დაზიანებით, თავდაპირველად, დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში მოათავსეს. იმავე ღამეს, კატასტროფის ეკიპაჟის ბრიგადებმა დაშავებული ჯარისკაცები ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა „ტრავმატოლოგში“ გადმოიყვანეს, ხოლო 29 ჯარისკაცი გორის ჰოსპიტალში მოათავსეს. „კვირა“ გორის ჰოსპიტალს დაუკავშირდა, თუმცა ჯარისკაცების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები