რას აცხადებენ “კრწანისის” ცენტრთან მოკლული შენგელიას ახლობლები – “დანაც კი არ ჰქონია არასდროს”

კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან ლიკვიდირებული გიგა შენგელიას ახლობლები სასწავლო ცენტრზე თავდასხმის მცდელობას კატეგორიულად გამორიცხავენ.
მათი ინფორმაციით, მოკლულს იარაღი არასოდეს ჰქონია.
მოკლულის ოჯახის წევრები ასევე აცხადებენ, რომ სასწავლო ცენტრში გარდაცვლილის ძმა გიორგი შენგელია მსახურობდა და შესაძლოა ისინი მის სანახვად მივიდნენ.
როგორც შენგელიას ოჯახის წევრები აცხადებენ, დამატებითი დეტალები მათთვის უცნობია და გამოძიების საბოლოო შედეგებს ელოდებიან.
„ის იყო უაღრესად პატიოსანი ბავშვი. არანაირი იარაღი მას არასდროს არ ჰქონია. არასოდეს არაფერი არ დაუშავებია. ყველას უყვარდა და თითონაც ძალიან მოსიყვარულე ბიჭი იყო. დანაც კი არ ჩაუდია არასდროს ჯიბეში“, – განაცხადეს მოკლულის ახლობლებმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე გუშაგმა სამი უცნობი პირი შენიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, გუშაგმა მათ სიტყვიერი გაფრთხილება რამდენჯერმე მისცა და ამ მიზნითვე ჰაერშიც არაერთხელ გაისროლა, თუმცა ამის მიუხედავად, უცნობმა პირებმა ტერიტორია არ დატოვეს და გუშაგს შეურაცხყოფა მიაყენეს. სწორედ ამის შემდეგ გაისროლა მათი მისამართით გუშაგმა, რა დროსაც 23 წლის გიგა შენგელია დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები