მამუკა მდინარაძე: ”ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი პიარპროვოკაცია მოიგონა

”ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი მამუკა მდინარაძე ”ნაციონალური მოძაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზები გადაკეტა.
მამუკა მდინარაძე და გედევან ფოფხაძე იმ გზების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ, რომლებზეც იმამკულიევი მიუთითებს, რომ პოლიცია აქვს გადაკეტილი.
”არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და ეს არ შედის ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში, ამიტომ მოიგონეს ახალი პიარპროვოკაცია. თქვენც კარგად ხედავთ, როგორ არის ”გადაკეტილი” გზა. ეს არის მათი სტილი, მორიგი პიარპროვოკაცია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
”ქართული ოცნების” ლიდერები აკმამედ იმამკულიევსაც გაესაუბრნენ და ჰკითხეს, თუ სად იყო გადაკეტილი გზები, რაზეც იმამკულიევმა უპასუხა, რომ აღნიშნულ გზებზე ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ პოლიციისა და „გაურკვეველმა“ მანქანებმა ტერიტორია დატოვეს, თუმცა მანამდე ”ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით, პოლიცია ამომრჩევლებს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ავტომანქანით მისვლის საშუალებას არ აძლევდა.
”არჩევნებზე მოდიან ხანდაზმული ადამიანები და მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ ამხელა მანძილის ფეხით გავლა. მე მოვუწოდებ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, მისცეს ბრძანება პოლიციას, რათა გახსნან გზები და ამომრჩეველს მისცენ საშუალება, საარჩევნო უბანზე მოვიდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და აი, ასეთ მეთოდებს მიმართავს, რათა არ დაუშვან ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა იმამკულიევმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულში საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზების გადაკეტვის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო უბნამდე მისვლა ამომრჩევლებს თავისუფლად შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები