ავარიისას დაშავებული ჯარისკაცები მკურნალობას თბილისსა და გორში აგრძელებენ

ამ დროისათვის დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში არც ერთი ჯარისკაცი არ იმყოფება. ამის შესახებ „კვირას“ შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის, „დედოფლისწყაროს“ მენეჯერმა, ხათუნა აგლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენილი 19 პაციენტი თავდაცვის სამინისტროს დახმარებით გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„ჩვენს კლინიკაში თავდაპირველად 27 ჯარისკაცი მოათავსეს, მათ ძირითადად, თავის ქალის, მენჯის და ბარძაყის მოტეხილობები აღენიშნებოდათ, შედარებით მძიმე პაციენტები – 5 ჯარისკაცი – რეანომობილით თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო დარჩენილი 19 ჯარისკაცი ღამის საათებში, თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს“, – აღნიშნა ხათუნა აგლაძემ.

„კვირა“ გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასაც დაუკავშირდა. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ კლინიკაში ამ დროისათვის მოთავსებულია 4 ჯარისკაცი, მათ შორის ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნურად სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. რაც შეეხება დარჩენილ 3 ჯარისკაცს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კლინიკის სხვადასხვა განყოფილების პალატებში არიან მოთავსებული. მათ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობები და დაზიანებები აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა, რის შედეგადაც 1 ჯარისკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 36 სხვადასხვა დაზიანებებით დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში მოათავსეს. ღამის საათებში კატასტროფის ეკიპაჟის ბრიგადებმა დაშავებული ჯარისკაცები ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა „ტრავმატოლოგში“ გადმოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები