„ბი-ბი-სი“: რუსეთი საქართველოს საბჭოთა პერიოდში გადაღებულ 706 ფილმს დაუბრუნებს  

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ გადაღებულ 700-ზე მეტ ფილმს რუსეთი საქართველოს დაუბრუნებს. ფილმები, ამჟამად, რუსეთის ფილმების სახელმწიფო ფონდში ინახება და მათ მიღებას საქართველო ოქტომბრიდან დაიწყებს.
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ, მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა პერიოდის კინოარქივი ვერ მიიღო. 2014 წელს, საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის ფილმების სახელმწიფო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს, რომელსაც საქართველში „ისტორიული“ უწოდეს.
„პროექტის რეალიზება, რომელიც კინოარქივის რუსეთიდან საქართველოში გადატანას ითვალისწინებს, უკვე დაწყებულია. მთელი ჩვენი კინოარქივი, ორიგინალები, მოსკოვში ინახება და ჩვენ ამაზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ. ორი წლის წინ გაფორმებული მემორანდუმის პრაქტიკული რეალიზება ახლა დაიწყო“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. საუბარია 706 მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ, 1921- 1991 წლებში, საბჭოთა პერიოდში გადაღებულ ფილმებზე.
როგორც კინომცოდნე ნანა დოლიძე აცხადებს, საქართველომ ამ საკითხზე კონსულტაციები ევროპელ ექსპერტებთან გამართა. მათთან ერთობლივად ფილმების გადაცემის ტექნიკური და შემოქმედებითი საკითხები დაზუსტდა. დოლიძის ინფორმაციით, საბჭოთა პერიოდში ფილმების ორიგინალები მოსკოვში იგზავნებოდა, ხოლო საბჭოთა რესპუბლიკები „მესამე ასლის“ ე.წ. დუბლ-ნეგატივს იღებდა, რომლის ხარისხი ორიგინალთან შედარებით დაბალი იყო. ამ ასლების უდიდესი ნაწილი ხანძარმა გაანადგურა, ხოლო დარჩენილი ნაწილი შენახვის არასათანადო პირობების გამო დაზიანდა. დოლიძე ამბობს, რომ ფილმების ნაწილი, რომელიც საქართველოს დაუბრუნდება, მაყურებელს ჯერ არ უნახავს.
„პირველ ფილმებს შორის იქნება მიხეილ ჭიაურელის „ბოლო გზაზე“, ასევე ლეო ესაკიას „ჰოლტზე ამხედრებული“ და „ამერიკანკა“. ფილმებს შორის არის ასევე ნუცა ღოღობერიძის ფილმი „ბუბა“, – აცხადებს დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები