დიმიტრი ქუმსიშვილი: შემდეგ წელს ჩვენ გვაქვს სხვა რეგიონული აეროპორტების გახსნის ამბიციური გეგმები

ეკონომიკის სამინისტრო, რეგიონში აეროპორტების მშენებლობას აფართოებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის ზრდასა და სამომავლოდ სხვა რეგიონული აეროპორტების მშენებლობის შესახებ, რაც, მინისტრის განცხადებით, აუცილებელი პირობაა ტურიზმის განვითარებისთვის. მინისტრმა ასევე შეადარა ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი წინა წლების ტემპს.
„წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წელს, 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადი 23%-ით გაიზარდა, ხოლო 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 103%-ით. მისივე თქმით, 2016 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში სულ გადაყვანილია 2 181 684 მგზავრი.
ეს არის დაუღალავი შრომისა და იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ამასთან, როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი შრომის შედეგი. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ზრდა გვაქვს საჰაერო ტვირთნაკადის მიმართულებით.
18 000 ტონაზეა ასული ტვირთბრუნვა მთლიანად საქართველოს მასშტაბით, რაც ასევე 80%-ზე მეტი ზრდაა. საჰაერო ტვირთი სწორედ ისაა, რომელიც არის ყველაზე მაღალი ღირებულების და შესაბამისად, ყველაზე მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის ჩვენს ქვეყანაში. აეროპორტების განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამბროლაურში რამდენიმე ხნის წინ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გავხსენით, თუმცა შემდეგ წელს ნამდვილად გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები სხვა რეგიონული აეროპორტების მშენებლობისა და გახსნის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები