ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებაზე 5 მლნ. 720 700 ლარი დაიხარჯა.
„2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ვაკის რაიონის მასშტაბით, გზის რეაბილიტაცია 138 მისამართზე განხორციელდა. საერთო ჯამში გზის საფარი შეკეთდა 90 696,52 კვ. მეტრის ფართობზე.
რაც შეეხება კეთილმოწყობის პროექტებს, ბოლო მონაცემებით, რაიონის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სპორტულ მოედანს, 31 სკვერს, დაიდგა 150 მოსასვენებელი სკამი. გარდა ამისა, აშენდა 18 ბეტონის კიბე და 12 საყრდენი კედელი.
ვაკის რაიონის ტერიტორიაზე, 16 მისამართზე დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და აივნების ფასადური რეაბილიტაციის, პარაპეტების მონტაჟისა და ავარიული შენობების დროებითი გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, რაზეც 22 600 ლარი დაიხარჯა.
13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე კი წელს 1 მლნ. 806 738.37 ლარი დაიხარჯა. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახლების რემონტი 79 მისამართზე უკვე დასრულდა, სამუშაოები ამჟამად 21 მისამართზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიმდინარე წელს 553 500 ლარის ოდენობით 76 ოჯახზე გაიცა“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები