გულიკო ზუმბაძე: დიდი ლილოს ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის პრობლემა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება

დიდი ლილოს ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის პრობლემა 2017 წლის ბოლომდე მოგვარდება, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ახალი ნაგავსაყრელისთვის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი გამოიყო. გამოცხადდა საზედამხედველო ტენდერი. სამუშაოებს კომპანია „დაგი“ ასრულებს. სამ თვეში ერთხელ, საკრებულო ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს.
„ექსპერტების დასკვნით, 40 წელი სჭირდება ბოლომდე ამ ნაგავსაყრელის განადგურებას, რომელიც ამჟამად დიდი ლილოს ტერიტორიაზეა განთავსებული. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, საწარმო, რომელიც წარმოდგენილია ერთ-ერთი კომპანიის მიერ, იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები, ჩვენ რეგულარულად ვაკონტროლებთ რამდენად მიზნობრივად იხარჯება თანხა. ამ პროექტს აქვს სამი ეტაპი და საბოლოოდ 2017 წლის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზუმბაძის ინფორმაციით, დიდი ლილოს ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის განადგურების შემდეგ დაგეგმილია ახალი ინფრასტრუქტურისა და გამწვანების ზოლის შექმნა. გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ დიდი ლილოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით, იგი პირადად შეხვდება ჯანდაცვის მინისტრს.
“დიდი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს უკვე ჯანმრთელობის პრობლემები არსებული ნაგავსაყრელის გამო, ამიტომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების ჯანმრთელობის გამოკვლევა პრევენციის მიზნით, ამის შესახებ მე პირადად ვაპირებ ვესაუბრო ჯანდაცვის მინისტრს,“-განაცხადა ზუმბაძემ.
ამასთან, არსებობს ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტიც, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები