მარიამ ჯაში: მზად ვართ, ფართო კონსესუსის რეჟიმში განვიხილოთ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება

ჩვენ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ძალასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩართულობით მზად ვართ, ფართო კონსესუსის რეჟიმში განვიხილოთ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც ჯაშმა აღნიშნა, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხესთან დაკავშირებით საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ტურში გადასული კანდიდატების გაძლიერებას ემსახურება.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხესთან დაკავშირებით საუბარი და პროპაგანდა არის აბსოლუტურად გადაჭარბებული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს – ეს გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის” მეორე ტურში გადასული კანდიდატების გაძლიერება. ეს არის ირიბი, შეპარული მესიჯი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ძალიან დროულად გაშიფრავს. ჩვენ თუ სწორ ანალიზს გავაკეთებთ დღევანდელი სიტუაციის, 50 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ მეორე ტურისთვის, აბსოლუტურ უმრავლესობაში მეორე ადგილზე გასული კანდიდატები გახლავთ „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამდენად, ნებისმიერი საუბარი კონსტიტუციურ საფრთხესთან დაკავშირებით, პოლიტიკოსებისგან თუ საზოგადო მოღვაწეებისგან გაჟღერებული განცხადება, რომ დაუჭირონ მხარი ოპოზიციურ პარტიას, პირდაპირ ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას.
რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას, ეს გახლავთ კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, რომ ნებისმიერი ცვლილება განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული მხოლოდ ფართო კონსესუსის საფუძველზე. ჩვენ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ძალასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩართულობით მზად ვართ, ფართო კონსესუსის რეჟიმში განვიხილოთ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება“, – განაცხადა ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები