“ქვეყანაში გატარებულმა რეფორმება, ცხადყო, რომ საქართველო დასავლეთისთვის რეგიონში სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის კონფერენციაში, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარეობს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა სამუშაო სესიაზე, რომელიც ნატოს ვარშავის სამიტის შემდგომ პოლონეთისა და ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩიერევიჩმა. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხებზე და ალიანსის მიერ ვარშავაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე – უზრუნველყოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოება, ხელი შეუწყოს სტაბილურობას ნატოს საზღვრების გასწვრივ და დაეხმაროს პარტნიორებს გააძლიეროს მათი თავდაცვისუნარიანობა.
„არსებული გამოწვევებიდან ნათელია, რომ საჭიროა ერთიანი სტრატეგია და ერთობლივი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევრო-ატლანტიკურ სივრცეში”, – აღნიშნა მინისტრმა.
ამ მხრივ მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ვარშავის სამიტზე ალიანსის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ალიანსის მზაობა გაზარდოს პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით. მინისტრის მოსაზრებით ნატო-ს მეტი ჩართულობის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით დადებითი ეფექტი აქვს ზოგადად რეგიონში სატბილურობისათვის.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ეფექტური გზა ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად არის უსაფრთხოების ქოლგის გაფართოება შავი ზღვის რეგიონის მიმართულებით. საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესი იქნება სწორი ნაბიჯი ამ მიმართულებით”-დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძე კონფერენციის მონაწილეებს ასევე ესაუბრა საქართველოს როლზე რეგიონში, როგორც უსაფრთხოების ხელშეწყობის, ასევე დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. მისი განცხადებით ქვეყანაში გატარებულმა რეფორმება, ლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, დემოკრატიულად ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ცხადყო, რომ საქართველო დასავლეთისთვის რეგიონში სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკაზე რეგიონში, რაც გამოიხატა როგორც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიით და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციით, ასევე ყირიმის ანექსიით. სამუშაო სესია კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრებმა კონფერენციაში მონაწილე ევროპარლამენტარებისა და ექსპერტების შეკითხვებს უპასუხეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩარნეცკიმ მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები