ლევან დავითაშვილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შექმნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, ალექსანდრე ნასარიძესთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ჯიენ კომპანის“ თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
თხილის გადამამუშავებელი საწარმო 2015 წლის აგვისტოში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებით ამოქმედდა. საწარმოში ჯამში განხორციელდა 557 412 აშშ დოლარის ინვესტიცია, საიდანაც 222 906 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 278 706 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
შპს „ჯიენ კომპანის“ თხილის გადამამუშავებელ საწარმოში 23 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 396 ტონა სხვადასხვა სახის პროდუქტს – მოხალულ თხილის გულს, დაჭრილი მოხალული თხილის გულს/ფქვილს აწარმოებს. წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდ არის განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში შპს „ჯიენ კომპანი“, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღებს. ISO:22 000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 8,980 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 2694 დოლარი ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 4,490 დოლარი – USAID/REAP, ხოლო დარჩენილი 1,796 აშშ დოლარი ბენეფიციარმა თავად გადაიხადა. ამ ეტაპზე, კომპანია  საბოლოო აუდიტის დასკვნას ელოდება, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება. სერტიფიკატს შპს „ჯიენ კომპანი“ ნოემბრის ბოლოს მიიღებს.
„სახელმწიფოს ხელშეწყობით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, 154 ახალი საწარმო დაფინანსდა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი საწარმოები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის ზრდას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც სამეგრელოს მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მომავალში გაფართოებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივების დასაქმებას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი.
ერთიანი აგროპროექტი გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები