iphone+ საქართველოს ბაზარს ტოვებს

“​iphone+ საქართველოში ტექნიკის ბაზარს ტოვებს“, – ამის შესახებ განცხადება კომპანიის დამფუძნებელმა, მამუკა მარღიშვილმა გააკეთა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, მისი ბიზნესის გაკოტრებას კონკრეტული პირები ცდილობდნენ. მამუკა მარღიშვილმა პრესკონფერენციაზე დაასახელა კონკრეტული პირები, რომლებიც ცდილობდნენ მისი კომპანიის გაკოტრებას, მათ შორის არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე, რომლის ცოლის ძმა კონკურენტი კომპანია “iTechnic”-ს 100%-იანი წილის მფლობელია, ხოლო ვალერიანის ცოლი გვანცა მიქუჭაძე კომპანიის მმართველი.
“ბოლო ერთი წელია, კომპანიის წინააღმდეგ ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, 1 წელია, შემოსავლების სამსახური შემოსულია ჩვენს მაღაზიაში და აწარმოებს რევიზიას. ასევე ფინანსური პოლიცია, რომელიც მოულოდნელად შემოვიდა ყველა ფილიალში და წაიღო 222 ტელეფონი გადამოწმების მიზნით, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებიათ. მარტივი მისახვედრი იყო, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა ვინმე უჩინარი მაღალჩინოსნის ხელი, როგორც ახლა გაირკვა, ეს არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე. ვალერიან ცერცვაძის ცოლის ძმის კომპანიაა “iTechnic”-ი, რომელიც ასევე ტექნიკის მაღაზიაა, ხოლო კომპანიის მმართველი ვალერიან ცერცვაძის ცოლი გვანცა მიქუჭაძეა. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს პირადად ვალერიან ცერცვაძის ბიზნესია და ცოლის ძმაზეა გაფორმებული. 2016 წელს 10 ოქტომბერს ჩვენ მივიღეთ შეტყობინება რომ ჩვენი საბანკო ანგარიში დაყადაღებულია და ამასთანავე ავტომანქანებიც. მოთხოვნილი თანხაა 1 553 826 ლარი, ხოლო მომთხოვნი არის კომპანია “iTechnic”-ი. ჩვენს ანგარიშებზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება 1 600 000 ლარით ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას, აღნიშნული თანხის ოდენობა არასდროს ყოფილა ჩვენს ანგარიშზე. განჩინებაში ძირითადი აქცენტი უკავია საკითხს, თითქოს მათი ფეისბუქგვერდი ჩვენმა კომპანიამ გააუქმა. სინამდვილეში კი ფეისიბუქგვერდი გააუქმა “ეფლმა”, ჩვენ მათ უბრალოდ კანონდარღვევის შესახებ ვაცნობეთ. სავსებით გასაგებია რატომ დაიწყო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჩვენი დევნა, რატომ მიიღო ქეთევან კუჭავამ ასეთი გადაწყვეტილება. მთელი 10 წლის განმავლობაში მისი უფროსი იყო ვალერიან ცერცვაძე. სასამართლოს თავმჯდომარე, მისი ბიძაშვილისა და მეგობრის, გიორგი ცერცვაძის მეშვეობით, ჩვენს წინააღმდეგ დავას აწარმოებს მისსავე სასამართლოში, კონკურენციის სააგენტოსა და ალბათ სხვა ორგანოებშიც. თუ მაქსიმუმ ერთ კვირაში არ მოიხსნა ყადაღა, კომპანია გაკოტრდება, თუმცა, მე პირადად, როგორც კომპანიის დამფუძნებელი, რომელმაც პირველად შემოვიტანე “ეფლის” ტექნიკა საქართველოში, გადავწყვიტე დავტოვო კომპანია, რადგან შეუძლებელია ასეთ პირობებში კონკურენცია. არავის ვურჩევ ტექნიკის ბიზნესის დაწყებას”, – განაცხადა მამუკა მარღიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები