სასწავლო წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები ჰაერიდან გრძელდება – რას აცხადებს თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსი

სასწავლო წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები ჰაერიდან გრძელდება, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა სერგო ძაგნიძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
”სამძებრო სამუშაოებში გამოვიყენეთ ყველა რესურსი, მაგრამ ამაოდ. ამიტომაც სიღრმეში ძებნა არალოგიკურად მივიჩნიეთ და ზემოდან ვაკონტროლებთ აკვატორიას. მთელი ბათუმი ხედავს, რომ ზღვის თავზე ყოველდღე შვეულმფრენი დაფრინავს… სადაც მსოფლიოში საუკეთესოდ აღჭურვილი თურქული გემი ვერაფერს გახდა, რისი იმედი უნდა გვქონდეს? ამ საქმეში ჩართული იყო ყველა მყვინთავი, გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია“, – აცხადებს სერგო ძაგნიძე.
რაც შეეხება იმას, ჩაუტარდა თუ არა ექსპერტიზა სამხედრო ბაზაზე არსებულ ჩასაყვინთავ აღჭურვილობას, სერგო ძაგნიძე ამბობს, რომ უწყება ექსპერტიზის პასუხს ელოდება.
“ექსპერტიზის პასუხს ველოდებით. მინისტრის განკარგულებით, შეჩერდა სასწავლო საწვრთნელი სამუშაოები ახალი ნორმატიული ბაზის შემუშავებამდე. მხოლოდ ყვინთვის სწავლება არ შეწყვეტილა. შეჩერდა ყველა სამუშაო, სადაც ბოლომდე არ იყო გაწერილი უსაფრთხოების ზომები. მომხდარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხარვეზები კი არა, დანაშაულია. ამიტომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.  გამოძიება გრძელდება“, – აცხადებს სერგო ძაგნიძე.
კითხვაზე – ვინ არ გაუფრთხილდა იმ ორი ადამიანის სიცოცხლეს – ინსტრუქტორი, სამინისტრო, სახელმწიფო, თუ სამივე ერთად, ძაგნიძე აცხადებს, რომ ბრალეულობაზე სასამართლო იმსჯელებს.
„ინსტრუქტორები დაკავებულები არ არიან. ბრალეულობაზე სასამართლო იმსჯელებს, მეტის თქმის უფლება არ მაქვს. ინსტრუქტორები თურქეთში დაეუფლნენ სპეციალობას. თუმცა, ნორმატიულ ბაზაში არ არსებობს მონაცემები, რის მიხედვითაც ძნელია დაადგინო ზუსტად ვინ შეიძლება იყოს ინსტრუქტორი. ეს ბაზა დაიხვეწება და საკითხიც მოგვარდება“,- აცხადებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, სასწავლო წვრთნების დროს, ზღვაში ორი ჯარისკაცი – იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები