რიყეზე “თბილისობისთვის” ემზადებიან

„თბილისობა-2016“-ის მზადების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. თბილისობის დღესასწაულისთვის მზადების პროცესი რიყეზე, ლეღვთახევსა და „ახალ ტფილისში“ ბოლო დღეებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
როგორც “კვირას” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერი დავით ნარმანია დღესასწაულის ღონისძიებებისთვის მზადების სამუშაოებს რიყეზე და ევროპის მოედანზე კიდევ ერთხელ, პირადად გაეცნო და შემსრულებელ კომპანიებს ბოლო დავალებები მისცა.
დავით ნარმანია რიყის ტერიტორიაზე შემოდგომის დღესასწაულისთვის მოწყობილ საბავშვო, სპორტულ, კულინარიისა და საკონცერტო სცენებისთვის განკუთვნილ ზონებს ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ია მაქაცარიასთან ერთად ესტუმრა. მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებებისთვის დეკორაციებისა და სცენების მონტაჟის სამუშოები დასრულებულია.
„თბილისობა 2016“ -ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე მასშტაბური სკულპტურა „სიცოცხლის ხე“ დაიდგა.9-მეტრიანი სკულპტურული კომპოზიცია ძველი თბილისის თემატიკაზეა შექმნილი. პროექტი მოქანდაკე დავით მონავარდისაშვილის ავტორობითა და თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა.
წელს რიყე,„ახალ ტფილისთან“ და ლეღვთახევთან ერთად, თბილისობის ღონისძიებებით ყველაზე დატვირთული ადგილია. ფესტივალის ფარგლებში, რიყესა და ევროპის მოედანზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და კულინარიული გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
რიყის პარკი ორი დღით საბავშვო ქალაქად გადაიქცევა. „თბილისობა 2016“-ის პატარა სტუმრებისთვის უკვე მზად არის საბავშვო თეატრი და ქვიშის ქალაქი, სადაც მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკა და სხვა სახალისო აქტივობები გაიმართება. პარკში ასევე განთავსებულია რაგბის, მინი გოლფის, კალათბურთისა და ფეინთბოლის მოედნები. რიყის პარკის ქვედა ტერასაზე დასრულებულია კულინარიის ქუჩის მოწყობა, სადაც გურმანებს ქართული და უცხოური სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლებათ.
ევროპის მოედანზე განთავსებულ სცენაზე, 15 და 16 ოქტომბერს, კლასიკური მუსიკის, ფოლკლორული და ახალგაზრდული ბენდების კონცერტები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები