„მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეეცდებიან რელიგიური გრძნობები გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებისთვის“ – რა ხდება სოფელ მოხეში

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე სადაო შენობასთან დაკავშირებით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.
ეპარქიაში სოფელ მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ დღეს ჯამბულ აბულაძემ და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანმა კვლავ ჩაატარეს ლოცვა სადაო შენობაში.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია მიმართავს სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, რომ დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ და გამოიძიონ, ვინ გეგმავს პროვოკაციას და ცდილობს გამოიწვიოს დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. ეპარქია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პერიოდში ნუ შეეცდებიან ადამიანთა რელიგიური გრძნობები გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის. “პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ საქართველოს დედა ეკლესიის დღესასწაული – სვეტიცხოვლობა. ხსენება საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე მირონმდინარე სვეტისა. სამწუხაროა, რომ დღევანდელ დღეს მძიმე საკითხზე გვიწევს საუბარი, მაგრამ რაც ხდება სოფელ მოხეში მდებარე სადაო შენობაში, სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. როგორც იცით, ამ სადაო შენობასთან დაკავშირებით შექმნილია კომისია, რომელიც ორი წელია მუშაობს და მისი მუშაობის შედეგია, რომ სოფელში არის სიმშვიდე და მოსახლეობაში აღდგა ნორმალური ურთიერთობა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეების გარკვეული მცირე ჯგუფი, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა სადაო შენობაში და ჩაატარა ლოცვა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქრისტიან მოსახლეობაში. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ დაგვემშვიდებინა ჩვენი მრევლი, რომ არ მომხდარიყო რაიმე ინციდენტი. საქმის კურსში ჩავაყენეთ ხელისუფლება მომხდარი ინციდენტის გამო. ვესაუბრეთ ჯავახეთის მუფტს და ვთხოვეთ სიტუაციაში გარკვევა და აღკვეთა იმ თვითნებური ქმედებებისა, რომელმაც შეიძლება კვლავ დაძაბოს სიტუაცია. თუმცა ფაქტი კვლავ განმეორდა. გუშინ ჩამობრძანდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს მუფტის მოადგილე ბატონი ადამი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადიგენის გამგეობაში, რომელსაც ესწრებოდა არსებული კომისიის წევრების დიდი ნაწილი; სახელმწიფოს მხრიდან – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუსულმანების მხრიდან საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და ჯავახეთის მუფტი. მართლმადიდებელთა მხრიდან – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზარზმის მონასტრის და მოხის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი. მუსულმანურმა მხარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედებები მათთან არ იყო შეთანხმებული და ეს ადამიანები თვითნებურად შევიდნენ სადაო შენობაში. გამგეობაში შეხვედრის შემდეგ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი, საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და ჯავახეთის მუფტი წავიდნენ მოხეში, სადაც შეხვდნენ მუსულმანი მოსახლეობის წარმომადგენლებს, რათა დაერწმუნებინათ ისინი შეეწყვიტათ თვითნებური ქმედებები სადაო შენობაში და კომისიას მიეცეს საშუალება გააგრძელოს მუშაობა, რომ არ მოხდეს დაპირისპირება სოფელში. ამის შემდეგ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი და ჩვენ, ზარზმის მონასტერში შევხვდით მოხის მართლმადიდებელ მოსახლეობას. ისინი აღშფოთებულნი არიან მომხდართან დაკავშირებით და შევეცადეთ მათ დამშვიდებას. მიუხედავად ჩვენი ზემოთ აღნიშნული ყოველგვარი მცდელობისა სიტუაციის სტაბილიზაციისათვის, სოფ. მოხიდან ჩამოსული მართლმადიდებელი მოსახლეობის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, რომ დღეს ჭელიდან ამოსულმა ჯამბულ აბულაძემ და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანმა კვლავ ჩაატარეს ლოცვა სადაო შენობაში. მივმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, რომ დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ და გამოიძიონ ვინ გეგმავს ამ პროვოკაციას და ცდილობს გამოიწვიოს დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს ამ საარჩევნო პერიოდში ნუ შეეცდებიან ადამიანთა რელიგიური გრძნობები გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მუსულმანი თანამემამულეები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, არ აჰყვებიან პროვოკაციებს და შეწყვეტენ სადაო შენობაში თვითნებურ მოქმედებებს. ასევე, მოვუწოდებ მართლმადიდებელ მრევლს, შეინარჩუნოს სიმშვიდე. და ბოლოს, მივმართავთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი ძალადობა და დაპირისპირება”, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები