სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ დასაქმდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი სამი მსჯავრდებული, გათავისუფლების შემდეგ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მწვრთნელის ასისტენტად დაიწყებს მუშაობას.
„არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგები გაიარეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი -თანადგომა“დაწესებულებიდან გასვლის შემდეგ სამ მათგანს დაასაქმებს. მსჯავრდებულებს, ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები დღეს გადაეცათ.
ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანია მეხსიერების, წარმოსახვისა და დამახსოვრების უნარების გაუმჯობესება. ტრენინგზე დასწრება ნებაყოფლობითი იყო.
არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან სამი თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი – თანადგომის“ ფსიქოლოგები მუშაობდნენ. პროგრამის დასასრულს გ.ხ-მ, გ.მ.-მ და ს.ს-მ კურსის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, სამივე მათგანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროექტებში ჩაერთვებიან, სწავლებისას ათვისებულ უნარ-ჩვევებს უკვე პრაქტიკაში დახვეწენ და შესაძლებლობა მიეცემათ პროფესიონალ მწვრთნელებად ჩამოყალიბდნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„დღევანდელი დღეც ამის დადასტურებაა და მინდა აღვნიშნო, რომ სამი ახალგაზრდა, რომელიც სასჯელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, უმტკივნეულოდ დაუბრუნდება საზოგადოებას და დაუყოვნებლივ დასაქმდება. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას“ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს,“ – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.
„მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის არის ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიით ტრენინგი, რომელშიც ჩართული იყო 10 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. სწავლება ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამ მსჯავრდებულს, გათავისუფლების შემდეგ მწვრთნელ-ასისტენტებად მიიწვევენ და ისინი სხვადასხვა სახის პროექტებში ჩაერთვებიან“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შორენა შიუკაშვილმა.
ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის შემსწავლელი ტრენინგ კურსი პირველად საქართველოში სწორედ N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები