“საქაერონავიგაცია” ქუთაისში საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო სისტემას ამონტაჟებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო სისტემის მონტაჟი დაიწყო. სამუშაოები 2 კვირაში დასრულდება.
„სარეზერვო ცენტრის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული ავიაციის განვითარების საქმეში. შპს “საქაერონავიგაცია” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ცენტრს აშენებს, რომელიც ესპანური კომპანია”ინდრას” მიერ წარმოებული საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემით იქნება აღჭურვილი. საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემა ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესს ბევრად ეფექტიანს და კომფორტულს გახდის. ახალ სისტემაზე გადასვლა, რომელსაც ორმაგი დაცვა ექნება, საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მაღალი დონის სანავიგაციო მომსახურება უფრო მეტ ავიაკომპანიას გაუწიოს. პირველი სარეზერვო სისტემა, რომელიც თბილისში დამონტაჟდება, ძირითადი სისტემის გათიშვის შემთხვევაში, წამებში ჩაირთვება და ეს პროცესი ავიამეთვალყურისთვის სრულიად შეუმჩნეველი იქნება. ახალ სისტემას ექნება დამატებითი დაცვა, სისტემისგან დამოუკიდებელი მეორე რეზერვი, რომელიც უკვე სრულად გამორიცხავს სამუშაო პროცესის შეფერხებას.
სარეზერვო სისტემა ქუთაისში მონტაჟდება, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას, თბილისის ძირითადი საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან კავშირის დაკარგვის შემთხვევაში (სტიქიური უბედურების ან გაუთვალისწინებელი ვითარების დადგომის დროს), შეყოვნების გარეშე გააგრძელოს საჰაერო ხომალდების სააერნაოსნო მომსახურება. თავისი ადგილმდებარეობითა და კლიმატური თვისებებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იდეალური სარეზერვო აეროპორტია არა მარტო თბილისისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ქუთაისის აეროპორტს აქვს შესაძლებლობა, რომ სატრანზიტო დერეფნის უმნიშვნელოვანესი წერტილი გახდეს. ასე რომ, აქ საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო ცენტრის გამართვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის რეგიონისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები