გიგლა აგულაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოადგილესთან, მაია ბითაძესთან ერთად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიების დეპარტამენტის დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ჰაროლდო ბაროზო იუნიორს შეხვდა.
მინისტრმა სტუმარს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რის შედეგადაც ახალი მარეგულირებელი ორგანო – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო შეიქმნა, რომელიც  ქვეყანაში გარანტიების ხელშეკრულების მოთხოვნათა შესრულებაზეა პასუხისმგებელი.
გიგლა აგულაშვილმა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც სამართავად რადიოაქტიური ნარჩენების საცავი გადაეცა,  საქართველოში არსებული ბირთვული მასალის უმეტესი რაოდენობა სწორედ ამ საცავში ინახება. ამ ობიექტების გადასვლა სახელმწიფო მართვაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბირთვული მასალის აღრიცხვიანობასა და კონტროლის საკითხებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გარანტიების დეპარტამენტისა და სამინისტროს მომავალ ურთიერთობებზე, ასევე  იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რომელიც  გარანტიების შეთანხმების მოთხოვნების სრული იმპლემენტაციისთვის კიდევ არსებობს.
დღესვე ჰაროლდო ბაროზო იუნიორმა და გიგლა აგულაშვილმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი სასწავლო კურსი – „გარანტიების შეთანხმების იმპლემენტაცია საქართველოში“ გახსნეს, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები