ვინ აკონტროლებს ინტერნეტსივრცეს და როგორ ხდება ცენზურის დაწესება – ინტერვიუ ირინა ვერძეულთან

ვინ აკონტროლებს ინტერნეტსივრცეს და როგორ ხდება ცენზურის დაწესება, რამდენად დაცული არიან ბავშვები და რა უნდა გაკეთდეს ინტერნეტპროდუქტებისაგან მოსალოდნელი ცალკეული რისკების შესამცირებლად? “კიბერ კვირა” კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს ირინა ვერძეულს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპული გამოცდილების და დემოკრატიული საზოგადოების მიერ საჯაროდ აღიარებული პრინციპების მიუხედავად, რომელსაც დღეს საზოგადოება ითვალისწინებს, ინტერნეტსივრცის გაკონტროლება შეუძლებელია.

– ქ-ნო ირინა, როგორ ხდება ინტერნეტცენზურის გაკონტროლება? ვის მიერ და რა კრიტერიუმით?

– თუ იმას გულისხმობთ, ზღუდავს თუ არა რომელიმე სტრუქტურა ინტერნეტსივრცეს, მსგავს ქმედებაზე, ვფიქრობ, ნებისმიერ ქვეყანაში კონტროლის მექანიზმი სამოქალაქო საზოგადოების მიერ საჯაროდ გამოხატული რეაქციაა. ცალსახად შეიძლება აღინიშნოს, რომ საქართველოში ინტერნეტსივრცე ცენზურისგან სრულიად თავისუფალია.

– ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვისთვის განკუთვნილი მულტფილმი მისი ასაკისთვის შეუფერებელ კონტენტს შეიცავს. ვინ არეგულირებს ამ საკითხს, ნორმების დარღვევის შემთხვევაში, რა სასჯელია გათვალისწინებული და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

– თუ ინტერნეტსივრცეში, რომელიმე ვებგვერდზე განთავსებულ მულტფილმს გულისხმობთ, გეტყვით, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, ინტერნეტსივრცეში, ისევე, როგორც ტრადიციულ მაუწყებლობაში, მოთხოვნილია ფილმებისა თუ სხვა კონტენტის მარკირება, თუ რომელი ასაკობრივი კატეგორიისათვის არის განკუთვნილი ესა თუ ის პროდუქტი. საქართველოში მსგავსი რეგულაცია ვებგვერდებზე განთავსებულ კონტენტზე ჯერ არ მოქმედებს, თუმცა, მიმდინარეობს ამ პროექტზე მუშაობა.

– რამდენიმე თვის წინ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ბავშვებისათვის უსაფრთხო ინტერნეტის საკითხებზე. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოხდეს ინტერნეტსივრცის გაკონტროლება ისე, რომ მომხმარებლები არ შეიზღუდონ? იქნებ არსებობს რომელიმე ქვეყნის მოდელი, რომლის გადმოღებაც სასურველი იქნება?

– ინტერნეტსივრცის გაკონტროლება შეუძლებელია. არსებობს ევროპული გამოცდილება და დემოკრატიული საზოგადოების მიერ საჯაროდ აღიარებული პრინციპები, რომელსაც ვითვალისწინებთ:

შესაძლებლობების გაძლიერება – რაც გულისხმობს, რომ,ბავშვებისათვის ონლაინ რისკების შეფასებასა და შემცირებაში უპირატესი როლი მშობელს აკისრია. სხვა დაინტერესებული მხარეები მხოლოდ ეხმარებიან და აძლიერებენ მშობლის შესაძლებლობებს;
პროპორციულობა და ფუნდამენტური უფლებები – შემუშავებული პოლიტიკა უნდა იყოს მოსალოდნელი რისკის პროპორციული, ეფექტური და დაბალანსებული. არ უნდა ზღუდავდეს შესაძლებლობებსა და სარგებელს ბავშვებისათვის და სხვა მოქალაქეებისათვის; უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს.
მოქნილობა – ბავშვთა ონლაინ საფრთხეებისგან დაცვის პოლიტიკა უნდა იყოს ტექნოლოგიურად ნეიტრალური, ითვალისწინებდეს განვითარებას.

– რამდენად რეალურია, გამოიყოს კოორდინატორი, რომელიც ინტერნეტში ბავშვების უფლებების დაცვის სიკითხს კოორდინირებას სახელმწიფო დონეზე გაუწევს?

– სხვა ქვეყნების მაგალითების მიხედვით, ეფექტური პოლიტიკა ბავშვების უფლებების დასაცავად ინტერენეტში მრავალმხრივ მიდგომას გულისხმობს. ესენია: განათლება, მშობლების, პედაგოგებისა და თავად ბავშვების ცნობიერების ამაღლება, სპეციფიური რეგულაციების დაწესება, ტექნიკური მეთოდები. აგრეთვე, უნდა მოიცავდეს სხვადასხვა დაინტერესებული პირების ჩართულობას და თანამშრომლობას. ვგულისხმობ სამთავრობო სტრუქტურებს, საჯარო დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის სხვადასხვა დონეებს, როგორც შიდა ეროვნულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობას.

შესაბამისად, შესაძლოა, ამ მიმართულებით სახელმწოფო პოლიტიკის გასატარებლად მიზანშეწონილი იყოს კოორდინატორი. ასევე, შესაძლებელია, თავად კანონმა ან სხვა ნორმატიულმა აქტმა იკისროს კოორდინატორობა, რომელიც მკაფიოდ გამიჯნავს კომპეტენციებს.

– თქვენი განმარტებით, რას ნიშნავს უსაფრთხო ინტერნეტი? არსებობს თუ არა ამის პრეცედენტი რომელიმე ქვეყანაში? როგორი უნდა იყოს იდეალური ინტერნეტსივრცე, სადაც ბავშვები თავს დაცულად იგრძნობენ?

– მავნე ზეგავლენის მქონე შინაარსის მატარებელი ინტერნეტ პროდუქტებისაგან ცალკეული რისკების შესამცირებლად სხვადასხვა ქვეყნაში არსებობს სპეციალური კანონები. ეს შეიძლება ეხებოდეს ბავშვების შესახებ ან მათი გამოყენებით პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას, ან, მაგალითისათვის, ონლაინ სამომხმარებლო რისკებისაგან ბავშვების დაცვას. ასევე, აღიარებულია, რომ თვითრეგულირების მექანიზმები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ონლაინ რისკებისგან ბავშვების დასაცავად. ეს ინსტრუმენტი მიუთითებს მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობასა და ვალდებულებაზე. სახელმწიფო კოორდინაციას უწევს ერთიანი სტრატეგიის შექმნას, რომლითაც განისაზღვრება მისაღები საკანონმდებლო ნორმები, სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი, გაიწერება ზუსტი მიზნები და შესრულების ინდიკატორები, განისაზღვრება ის სამთავრობო უწყებები და საჯარო დაწესებულებები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაზე; შემუშავდება წამახალისებელი მექანიზმები არასამთავრობო სექტორის ჩართულობისათვის და ზუსტად განისაზღვრება კერძო სექტორის როლი და ვალდებულებები; ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის განხორციელება ერთობლივად გვაძლევს ისეთ მაგალითს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესო პრაქტიკად დღევანდელ დემოკრატიულ საზოგადოებაში.

– სოციალურ ქსელებს ასაკობრივი რეგულაცია აქვთ, თუმცა, საქართველოში მშობლები თვეების ბავშვებსაც კი უხსნიან სოციალური ქსელის ანგარიშებს. რა პრობლემასთან გვაქვს საქმე? ეს არის დაბალი ცნობიერება თუ რაიმე სხვა? რაშია გამოსავალი?

– სოციალური ქსელები თავად იძლევა რეკომენდაციას, თუ რომელი ასაკიდან არის მისაღები ამ ქსელით სარგებლობა. თუმცა, მშობლები თავისუფლები არიან, საკუთარი სუბიექტური შეხედულების მიხედვით დართონ ნება შვილებს, ისარგებლონ სოციალური ქსელებით. უბრალოდ, საზოგადოების სხვა წევრებმა არ უნდა უბიძგონ ბავშვებს, მშობლების ნების წინააღმდეგ იქონიონ სოციალური ქსელის ანგარიში. ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც სხვა რისკების შემთხვევაში, მთავარი როლი – დაიცვას საკუთარი შვილი მოსალოდნელი საფრთხეებისგან, ეკისრება მშობელს.

– რა პრობლემას ვაწყდებით ყველაზე მეტად ქართულ ინტერნეტსივრცეში? პორნოგრაფიას, უცენზურო ფილმებს, საბავშვო გადაცემებს, რომლებიც ბავშვების გარდა ყველაზე არის გათვლილი თუ კიდევ სხვა რამეს?

– აღნიშნული საკითხი სპეციალური კვლევის ჩატარებას საჭიროებს, რათა იდენტიფიცირებულ იქნეს ყველაზე მეტად გავრცელებული რისკები. ასევე, საჭიროა, ჩატარდეს კვლევა ბავშვების მიერ (ასაკის მიხედვით) ინტერნეტის მოხმარების ინტენსივობის შესახებ; იმ ვებგვერდების იდენტიფიცირება, რომლებსაც ქართველი ბავშვები ხშირად სტუმრობენ, საიდან (სახლი, სკოლა, ბიბლიოთეკა, მეზობლის/ მეგობრის სახლი, ინტერნეტთან წვდომის სხვა საჯარო ადგილები) და რა დოზით მოიხმარენ ბავშვები ინტერნეტს, რა საშუალებით (პერსონალური კომპიუტერი, სმარტფონი, ტაბლეტი) და რა დოზით მოიხმარენ ბავშვები ინტერნეტს, როგორია ბავშვების, მშობლებისა და პედაგოგების ცნობიერების დონე ონლაინ საფრთხეების შესახებ.

– მაგალითისთვის, ყველა იმ კომპიუტრს, რომელსაც პირველკლასელებს ურიგებენ, ინტერნეტის მხარდაჭერა აქვს. ხომ არ ფიქრობთ, რომ აქაც გარკვეული რეგულაციების დაწესებაა საჭირო?

– როდესაც ვსაუბრობთ რისკებზე, რომელიც ინტერნეტის მოხმარებას ახლავს, ეს სულაც არ გულისხმობს მისი (ინტერნეტის) საერთოდ არასასურველ სივრცედ აღქმას. პირიქით, საზოგადოება და ბავშვებიც უამრავ სასარგებლო ინფორმაციას ღებულობენ ინტერნეტის საშუალებით, რაც მათ ფართო შესაძლებლობებს აძლევს განვითარებისათვის. რისკი, ჩვეულებრივ, თან ახლავს ჩვენს არამარტო ვირტუალურ, არამედ რეალურ ცხოვრებასაც. მაგალითისათვის ავიღოთ მანქანით მგზავრობა: არ ვამბობთ, რომ მცირე ასაკის ბავშვებმა მანქანით არ უნდა იმგზავრონ, თუმცა, რეკომენდებულია სპეციალური სავარძელი.

წყარო: cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები